ქუთაისის აეროპორტის ტრანსფერის შეძენა Wizz Air-ის ვებ-გვერდიდან და მობილური აპლიკაციით იქნება შესაძლებელი

დღეიდან მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ ავიაკომპანია Wizz Air-ის საიტზე (www.wizzair.com) ავიაბილეთთან ერთად აეროპორტის ტრანსფერებიც შეიძინონ, როგორც ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის, ასევე აეროპორტიდან სხვა ცენტრალური ქალაქების (ქუთაისი, თბილისი და ბათუმი) მიმართულებით.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ სერვისს მგზავრებს ეკონომიკის სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ოფიციალური პარტნიორი, სატრანსპორტო კომპანია "Georgian Bus" სთავაზობს.

უწყების ცნობით, მიკროავტობუსები და მინივენები რეისებს ფრენების დროის მიხედვით შეასრულებენ საქართველოს ცენტრალური ქალაქებიდან, კერძოდ: თბილისი: თავისუფლების მოედანი, (პუშკინის სკვერთან) ბათუმი: ნინოშვილის ქუჩა N1 (სასტუმრო "რედისონთან") ქუთაისი: ფალიაშვილის ქუჩა N1 (წითელ ხიდთან).

"სურვილის შემთხვევაში, ქუთაისიდან აეროპორტის მიმართულებით გამგზავრებისას ტრანსპორტი მგზავრს მისთვის სასურველ მისამართზე მიაკითხავს, ასევე მითითებულ მისამართზე მიიყვანს ტრანსპორტი ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისში მიმავალ მგზავრს", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, აეროპორტიდან ქუთაისამდე ერთი გზის ღირებულება 1.5 ევრო, ორი გზის ღირებულება 2.5 ევრო იქნება, ქუთაისი - აეროპორტი, აეროპორტი - ქუთაისი (სახლში მიყვანის სერვისი) ერთი გზა 4 ევრო, ორი გზა 6.5 ევრო იქნება, აეროპორტიდან ბათუმამდე ერთი გზა 6 ევრო, ორი გზა 10 ევრო იქნება, აეროპორტიდან თბილისამდე ერთი გზა 7 ევრო, ორი გზა 12 ევრო იქნება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე