გიორგი კვირიკაშვილი - დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება 2017 წლის III კვარტლიდან იგეგმება

დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება 2017 წლის III კვარტლიდან იგეგმება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა დაგროვებითი პენსიის არსი განმარტა და აღნიშნა, რომ ეს სისტემა არსებული მინიმალური საბაზისო უზრუნველყოფის გაუქმებას არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს.

"დღეს ვიხილავთ ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშს საპენსიო სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმის შესახებ და საპენსიო სისტემის შექმნის კუთხით განხორციელებული სამუშაოს შესახებ. ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომელიც ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროს კოორდინაციით, ჩართულია ყველა დაინტერესებული უწყება, საერთშორისო საფინანსო ინსტიტუტები. ეს სისტემა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს არსებული საპენსიო სისტემის ჩარჩოებში მოქცევას იმ კუთხით, რომ პენსიონერების საბაზისო უზრუნველყოფა ყოველთვის ხდებოდეს ინფლაციის გათვალისწინებით ინდექსაციის პირობებში და ასევე ახალი დამატებითი დაგროვებითი კომპონენტის შექმნას, რომელიც მომავალი წლის მე-3 კვარტლიდან ჩაირთვება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მანამდე იქნება საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების გაწერილი გეგმა.

"ეს დაგროვებითი სისტემა გულისხმობს თანადაფინანსების სისტემას. ეს არის დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან თანადაფინანსებული დაგროვებითი სისტემა, რომელიც მომავალი პენსიონერებისთვის გაცილებით სხვა ხარისხის სიბერეს უზრუნველყოფს. ეს სისტემა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არსებული მინიმალური საბაზისო უზრუნველყოფის გაუქმებას, პირიქით, არსებული საპენსიო უზრუნველყოფა იმოქმედებს დაგროვებითი სისტემის პარალელურად და ინდექსირება საბაზისო სისტემით გათვალისწინებული პენსიების ინფლაციის კვალდაკვალ მოხდება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.