კულტურის სამინისტროს უმაღლესი კლასის არტისტების საქართველოში ჩამოყვანისთვის თანხა გამოეყოფა

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლესი კლასის არტისტების საქართველოში ჩამოყვანისა და მათთან ერთად ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, კულტურული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით თანხა გამოეყოფა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხს დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ.

"კულტურის სამინისტროს კუთხით მინდა შევეხო დღეს განსახილველ რესურსების გამოყოფას, რომელიც ტურიზმის წახალისებას ისახავს მიზნად. ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით კულტურული ღონისძიებების სერიის დაფინანსება, რომელიც გულისხმობს უმაღლესი კლასის არტისტების საქართველოში ჩამოყვანას და მათი და ასევე ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით, კულტურული ღონისძიებების დაფინანსებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბებას.