მთავრობა პროგრამა - "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში ორ პროექტს განიხილავს

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროგრამა - "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში ორი პროექტია გატანილი.

"ეს გახლავთ წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში მინერალური პროდუქტების საწარმოს შექმნისა და ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მიწის გრძელვადიანი იჯარით გადაცემა, რომელზეც სწრაფად მზარდი ტყის სანერგე მეურნეობის მშენებლობისთვის, რაც 2.5 მლნ ლარის ინვესტიციას გულისხმობს და ასევე კომპანია გეგმავს ხის გადამამუშავებელი ინოვაციური ქარხნის აშენებას, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიებით და ეკოლოგიურად სუფთა დანამატებით აწარმოებს ხის გრანულებს. ეს არის ნამდვილად ახალი სიტყვა საქართველოს ეკონომიკაში და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნული პროგრამის ცოტა ხნის წინ დამტკიცებულ კომპონენტზეც ისაუბრა, რომელიც სასტუმროების ქსელის განვითარებას გულისხმობს.

"ასევე პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ცოტა ხნის წინ დავამტკიცეთ ახალი კომპონენტი სასტუმრო ქსელების განვითარების თაობაზე და ამ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ახდენს როგორც ჩვეულებრივ საპროცენტო ხარჯის თანადაფინანსებას, საბანკო უზრუნველყოფის კუთხით თანაგარანტირებას - 50%-ს ბანკის მიერ მოთხოვნილი გიორაოსი სახელმწიფო ფარავს საკუთარი გარანტიით და ქონების გამოყოფას, საჭიროების შემთხვევაში, უცხოელი ექსპერტების მოწვევას. დღევანდელი ცვლილება გულისხმობს მინიმალური სესხის ზღვარის დაწევას ნახევარი მილიონი ლარიდან 200 000 ლარამდე და ასევე 2 მილიონ ლარამდე მაქსიმალური სასესხო ზღვარის გაზრდას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წინასწარი ანალიზით გაირკვა, რომ იმ თანხის მაქსიმალური ლიმიტი, რაც გათვალისწინებული იყო პროგრამით, ვერ უზრუნველყოფდა ხარისხიანი სასტუმროს აშენებას რეგიონებში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაური ფიქრობს, რომ აღნიშნული ცვლილება კიდევ უფრო გაააქტიურებს ამ პროგრამაში მონაწილეობას.