საქართველოში, შესაძლოა, რობი უილიამსი ჩამოვიდეს

მომღერალ რობი უილიამსის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინა კობახიძის განცხადებით, საუბარია კონცერტების თბილისსა და ბათუმში გამართვასთან დაკავშირებით.

მისივე განმარტებით, რობი უილიამსის გარდა მოლაპარაკებები იმართება "სხვა ძალიან ბევრ ვარსკვლავთან".

"რობი უილიამსთან, ისევე როგორც სხვა ძალიან ბევრ ვარსკვლავთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თბილისსა და ბათუმში კონცერტების გასამართად (ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად). აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში კულტურის სამინისტრო გააკეთებს განცხადებებს", - წერს კობახიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე.

მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს საკითხს უმაღლესი კლასის არტისტების საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსთვის თანხის გამოყოფის საკითხზე.