საქართველოს გზებზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის (კმ138-კმ152) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმები: გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

რაც შეეხება სხვა საავტომობილო გზებს, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის, ყინვის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე ნარდევანი-როდიონოვკა(ფარავანი) (კმ94-კმ110) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ინტენსიური თოვის გამო კი, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ55 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.