"გუდვილში" ხანძრის შედეგად 500 კვადრატული მეტრი დაიწვა

"გუდვილის" შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, "გუდვილის" შენობის ცენტრალურ ნაწილში, სიღრმეში იყო ხანძარი, რომლის გამომწვევი მიზეზები მათთვის უცნობია. ცეცხლი დაახლოებით 450-500 კვ.მ ფართობზე გავრცელდა და მოიცვა საკონდიტრო მაღაზია და გადახურვის ნაწილი. ელექტროსადენების მეშვეობით ხანძარი სახურავშიც გავრცელდა. ადგილზე 18 სახანძრო ბრიგადა და მაშველები მუშაობდნენ.

მისივე განცხადებით, დაშავდა ერთი მეხანძრე, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შემთხვევის ადგილიდან გაიყვანა. როგორც დავით გელაშვილი აცხადებს, მისი ინფორმაციით, გუდვილის მომსახურე პერსონალიდან არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, რომლის განცხადებით, ჯერჯერობით ზარალის ოდენობა უცნობია, შესაბამისად, უცნობია რა დახმარების გაწევა შეუძლია გამგეობას.