წყნეთში დევნილთა დასახლებაში გამაგრებითი სამუშაოები გრძელდება

ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაბა წყნეთში, დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც მე-2 კორპუსის (A ზონა) გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, დევნილთა დასახლებაში დაზიანებული ფუნდამენტი, მონოლითური რკინა-ბეტონის საძირკველით შეიცვალა, ამოივსო ბზარები, შეილესა კედლები და მოეწყო ტროტუარი.

"15 წელზე მეტია, რაც აქ სამუშაოები არ ჩატარებულა. თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, გამგეობამ კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები განახორციელა; არის კიდევ რამდენიმე პრობლემური კორპუსი, რომლებიც, ასევე საჭიროებს რეაბილიტაციას; უახლოეს დღეებში დაიწყება სამუშაოები გაგრის ქუჩაზე, III ჩიხის მე-5 კორპუსში; იგეგმება, ასევე, მაია წყნეთელის შესახვევში #21-ე კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები", - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

კორპუსში, რომელიც კაპიტალურად გამაგრდა, რვა ოჯახი ცხოვრობს. "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების 90% ვაკის რაიონის გამგეობამ, 10% კი დევნილთა სამინისტრომ დააფინანსა.