ახალი ტურისტული ადგილების შესწავლის მიზნით პროექტი იწყება

ახალი ტურისტული ადგილების შესწავლის მიზნით, მასშტაბური პროექტი იწყება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, "ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი travelGIS" და ტურისტული კომპანია "აღმოაჩინე საქართველო" ერთობლივ მუშაობას იწყებენ.

პროექტის განხორციელების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, "ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრის" თავმჯდომარემ კონსტანტინე აბულაძემ და "აღმოაჩინე საქართველოს" დირექტორმა ნინო კეკელიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. პროექტის მიზანია, საქართველოში უცნობი ტურისტული რესურსების აღმოჩენა, შესწავლა, დამუშავება, დაზუსტებული ტურისტული რესურსების განთავსება მობილურ აპლიკაციაში travelGIS და ვებ პორტალზე www.travelgis.ge სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და რუსულად.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ტურიზმის სფეროში თვითდასაქმებული ადამიანების კონსულტაციას, ტრენინგებს და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას ტურიზმში ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით. ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროექტში ჩართულობა არის სრულიად უსასყიდლო.