საქართველო ევროპის აუდიოვიზუალური ობზერვატორიის წევრი გახდა

საქართველო ევროპის აუდიოვიზუალური ობზერვატორიის წევრი გახდა (www.obs.coe.int). ორგანიზაციაში ქვეყანას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია წარმოადგენს.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, ობზერვატორია არის ევროპის საბჭოს ნაწილი, რომელიც შეიქმნა 1992 წელს.

"მისი მიზანია ევროპის აუდიოვიზუალური ინდუსტრიის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება. ობზერვატორია უზრუნველყოფს ინფორმაციას ევროპის აუდიოვიზუალური ბაზრებისა და მათი დაფინანსების თაობაზე; იგი აანალიზებს და ამზადებს ანგარიშებს იმ საკითხებზე, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს აუდიოვიზუალური ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორებზე. ობზერვატორიის საქმიანობა მოიცავს შემდეგ სფეროებს: ფილმები, მაუწყებლობა, გამოძახებითი აუდიოვიზუალური მომსახურება და სხვა", - აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

მათივე შეფასებით, ევროპის აუდიოვიზუალურ ობზერვატორიაში გაწევრიანება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ევროპული სტანდარტების დანერგვასა და აუდიოვიზუალური სექტორის განვითარებაზე ქვეყანაში.

"ამასთანავე, აღნიშნული ხელს შეუწყობს ჩვენს მუშაობას ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების, კერძოდ - აუდიოვიზუალური მედიის მომსახურებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონებით, რეგულაციებით ან ადმინისტრაციული აქტებით გათვალისწინებული გარკვეული დებულებების კოორდინაციის შესახებ ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 10 მარტის N2010/13/EU დირექტივის დანერგვასა და შემდგომ განხორციელებაში", - აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.