მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მეფუტკრეობის კოოპერატივებს სკები გადაეცათ

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრებს შეხვდა. მინისტრმა მათ მეფუტკრეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 600-მდე სკა გადასცა.

როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოში მეფუტკრეობის დარგის განვითარების პერსპექტივებზე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით შემუშავებულ პროგრამაზე ისაუბრა.

"მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში ხარისხიანი თაფლის წარმოების და საექსპორტო პოტენციალის ზრდას. პროგრამის ფარგლებში, მოხდება სკების რეგისტრაცია სპეციალური სააღრიცხვო ბარათების საშუალებით, რაც თაფლის წარმოების მიკვლევადობას შეუწყობს ხელს. ეს, მნიშვნელოვანი წინაპირობაა ევროკავშირის ბაზარზე თაფლის ექსპორტის განხორციელებისთვის", - განმარტავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, პროგრამაში რეგისტრაციის პირველი ეტაპი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და 31 დეკემბერს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში 98 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 7588 სკა გადაეცემა. პროგრამის მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა ხის (რუტისა და დადანის სახეობის) სკები 120 ლარის ნაცვლად, 36 ლარად მიიღეს, ხოლო პენოპოლისტიროლის სკები 260 ლარის ნაცვლად, 78 ლარად.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 29 თებერვალს დაიწყო და 16 მარტს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საშუალება აქვს მიიღოს: სასურველი მასალის (ხე (რუტიან/დადადანი) ან/დაპენოპოლისტიროლი) სკა (არაუმეტეს 100 ცალი) თანადაფინანსებით, ღირებულების 30 %-ად. 1 ცალი 12 ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი) ან/და 2200 ლიტრის ტევადობის თაფლის შესანახი ავზი.

"სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ დევნილები ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, პროგრამის ფარგლებში ინვენტარის მიღება ღირებულების 20%-ად შეეძლებათ.

პროგრამის მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს უფლება აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში უსასყიდლოდ შესამოწმებლად წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში წარადგინონ. პროგრამაში ჩართული კოოპერატივები თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ძირითადი მოთხოვნების დანერგვის ხელშეწყობისთვის ტექნიკურ დახმარებას იღებენ", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სკების გადაცემის ღონისძიებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერატორის მოადგილე თამაზ სუჯაშვილი ესწრებოდნენ.