სოფელ გეგუთში ახალი საწარმო გაიხსნება

სამთავრობო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" შპს "შარას" წყალტუბოს რაიონში, სოფელ გეგუთში მდებარე 4453 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, კომპანია აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს შექმნის მიზნით 352 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებასა და 30 ადამიანის დასაქმებას გეგმავს. უწყების ცნობით, საწარმო ყოველწლიურად მინიმუმ 7 000 ტონა პროდუქციის გადამუშავებას შეძლებს.

სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სახელმწიფომ უკვე 154 საწარმოს დაუჭირა მხარი.