მინსკში საქართველო-ბელორუსის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება

ბელორუსის რესპუბლიკაში, ქალაქ მინსკში, 22-23 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-ბელორუსის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოსა და ბელორუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატები.

როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აცხადებენ, ფორუმს გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და ბელორუსის პრემიერ-მინისტრი ა. კობიაკოვი.

ფორუმზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ბელორუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე მ. მიატლიკოვი.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ბიზნეს დელეგაციის შემადგენლობაშია 29 მსხვილი კომპანია. ფორუმზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სექტორები: ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, სასურსათო პროდუქტები, სასკოლო და ტელეკომუნიკაციები, ალტერნატიული ენერგია, ფარმაცეფტიკა და სხვა.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ქართულ და ბელორუს ბიზნესმენებს შორის და გამოფენა-დეგუსტაცია. ქართული კომპანიები ადგილზე გაეცნობიან და დაათვალიერებენ ბელორუსულ საწარმოებს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ბელორუსის პალატების პრეზიდენტები ხელს მოაწერენ ოქმს ბიზნეს-საბჭოს შექმნის შესახებ. მასში გაერთიანდებიან ის კომპანიები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან საქართველოსა და ბელორუსს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებაში.