მიხეილ გიორგაძე - ტურიზმის ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტია

ტურიზმის ხელშეწყობა და წახალისება ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტია ქვეყნის პოპულარიზაციისა და ეკონომიკური განვითარებისთვის , - ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების თემის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება და ხელს შეუწყობს ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას.

"ტურიზმის ხელშეწყობა და წახალისება ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტია ქვეყნის პოპულარიზაციისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. კულტურა კი ტურიზმის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, აპრილიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით კულტურული ღონისძიებების სერია იგეგმება, რომელშიც მონაწილეობას ქართველ შემსრულებლებთან ერთად მსოფლიო ვარსკვლავები მიიღებენ. ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება და ხელს შეუწყობს ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას. ჩვენ წლიდან წლამდე ამ პროგრამის გაფართოებას ვაპირებთ და მასში კერძო სექტორის უფრო აქტიურად ჩართვას ვგეგმავთ. ეს მოვლენა, რომელიც შემდგომ ტრადიციად იქცევა, მნიშვნელოვნად წაახალისებს კერძო ბიზნესს და შექმნის სამუშაო ადგილებს; რაც შეეხება ღონისძიების მონაწილეებს, მათი საერთაშორისო სტატუსი და ცნობადობა იძლევა გარანტიას, რომ კულტურულ რუკაზე ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოჩინდება და მსოფლიო მედიის ყურადღებას მიიპყრობს. საქართველოს აქვს რეალური შანსი, იქცეს რეგიონის კულტურულ ცენტრად", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.