ბათუმს, ქობულეთსა და ხელვაჩაურს რამდენიმე დღით გაზმომარაგება შეუწყდება

ბათუმს, ქობულეთსა და ხელვაჩაურს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რამდენიმე დღით გაზმომარაგება შეუწყდება.

როგორც აჭარის მთავრობაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, 29 მარტს გაზი გაითიშება, სამი დღის განმავლობაში განხორციელდება ცენტრალური მილების გადატანა, ხოლო მომდევნო სამი დღის განმავლობაში კი გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის განმარტებით, აღნიშნული პერიოდი აუცილებელია გაზმომარაგების კომუნიკაციების განახლებისთვის და მომავალში შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის. მთავრობის თავმჯდომარე მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, დაიცვან უსაფრთოების წესები.

"აჭარის რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ქობულეთი-ბათუმის ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს. მაგისტრალის მშენებლობის პროცესში განხორციელდება მაღალი წნევის გაზსადენი მილების რეაბილიტაცია. პროექტიდან გამომდინარე, მშენებარე ახალი საავტომობილო მაგისტრალის და ბუნებრივი გაზის ცენტრალური მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე ბუნებრივი აირის ცენტრალური მილების გადატანა ერთდროულად 6 პუნქტზე განხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებიდან გამომდინარე, 29 მარტიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. სამუშაოები გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში, შემდეგ კი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესს "სოკარ ჯორჯია გაზი" ეტაპობრივად განახორციელებს და 3 აპრილს გაზის მიწოდება რეგიონის მასშტაბით სრულად მოხდება. თხოვნით მივმართავთ და მოვუწოდებთ ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები. ამასთან, კომერციული ბუნებრივი აირის მომხმარებლებმა და სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებმა ამ პერიოდისათვის საჭიროა უზრუნველყონ ალტერნატიული საწვავის მომარაგება, რომ არ შეფერხდეს მათი ფუნქციონირება", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

აჭარის მთავრობა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბოდიშს უხდის აჭარის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია "სოკარ ჯორჯია გაზის" ცხელ ხაზზე 16 114 ან აჭარის რეგიონალურ ოფისში: მისამართზე: ბათუმი ბაქოს ქ # 46.