ჩუღურეთში საცხოვრებელი სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 80 მისამართზე მიმდინარეობს.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ბრტყელი და ქანობიანი სახურავის შეკეთების მიზნით 30 ობიექტზე სამუშაოები ტარდება.

რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე დ.აბაშიძის ქ.#9-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და სამუშაოების მიმდინარეობით და მათი პრობლემებით დაინტერესდა.

"საცხოვრებელი სახლის სახურავების გადახურვის პრობლემა ჩუღურეთის რაიონში დიდი ხანია დგას, რაც განპირობებულია როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზებით. შენობების უმეტესობა არის ძველი, თუმცა სახურავები მრავალი წელია არ შეკეთებულა. სახურავის შეცვლა თანადაფინანსებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებშია შესაძლებელი, რის შედეგადაც გამგეობა გასაწევი სამუშაოს ღირებულების 80%-ს აფინანსებს. ცხადია, რომ მოქალაქეებს ამ პროგრამის მეშვეობით ნაკლები თანხის გადახდა უწევთ. აღნიშნული მისამართის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ წერილობით მოგვმართა. საკითხის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მდგომარეობა სავალალო იყო და სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების გადაწყვეტილება მივიღეთ", - განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.

დ.აბაშიძის ქ.#9-ში სახურავების შესაკეთებლად 28 160 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების ფარგლებში, გამოიცვალა სახურავის დამჭერი ხის მასალა და მოხდა თუნუქის სახურავით გადახურვა. აღნიშნულ მისამართებზე 17 ოჯახი ცხოვრობს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონის 30 საცხოვრებელი სახლის, ჯამში 9 ათას 50 კვადრატული მეტრის, სახურავების კაპიტალური რემონტისთვის უკვე გამოიყო 252 750 ლარი.

ამ დროისთვის, ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში, სხვადასხვა თხოვნით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან 314 განცხადება არის შესული.