"თიბისი კაპიტალი" საერთაშორისო სტანდარტების საინვესტიციო ბანკად უნდა ვაქციოთ

"თიბისი ბანკის" შვილობილი კომპანია "თიბისი კაპიტალი" უკვე 17 წელია საქმიანობს. 2015 წლამდე ის მხოლოდ საბროკერო მომსახურებით იყო წარმოდგენილი, წელს კი მათ სერვისებს საქართველოს საინვესტიციო ბაზარზე მორგებული კვლევითი და საკონსულტაციო საქმიანობა ემატება. "თიბისი კაპიტალის" მიზანია, აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოში კაპიტალის ბაზრების განვითარებაში და დაეხმაროს ინვესტორებს საინვესტიციო შესაძლებლობების აღმოჩენაში. გარდა ამისა, გზა გაუხსნას ადგილობრივ კომპანიებს დაფინანსების დამატებითი ფორმებისკენ. უკვე ორი თვეა კომპანიას ახალი მმართველი დირექტორი ჰყავს. საზღვარგარეთ ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულმა ლევან შანიძემ საკუთარი საქმიანობა "თიბისი კაპიტალს" დაუკავშირა. კომპანიის საქმიანობაზე, კვლევებზე, პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ლევან შანიძე "ინტერპრესნიუსს" ესაუბრა.

- "თიბისი კაპიტალის" მმართველ დირექტორად დანიშვნამდე, სად მიიღეთ განათლება და სად მოღვაწეობდით?

- დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ბიოფიზიკის განხრით, თუმცა ამ სპეციალობით, ფაქტობრივად, არ მიმუშავია. იმ დროს საბჭოთა სისტემის რღვევა დაიწყო. გარკვეული პერიოდი საქართველოში ვსაქმიანობდი, ხოლო შემდეგ ამერიკაში როჩესტერის უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა, სადაც 1995-1997 წლებში საიმონის ბიზნეს სკოლაში MBA-ის პროგრამა დავამთავრე. 1997 წლის დასაწყისში ძველი, საბჭოთა კავშირის ბაზრის ანუ რუსეთის ბუმი იყო. თუ რუსულ ენას ფლობდი, სამსახურში ადვილად აგიყვანდნენ, მათ შორის, ლონდონშიც. ბრიტანულ საინვესტიციო ბანკში დავიწყე მუშაობა, სადაც აზიის ბაზრების კუთხით მიწევდა საქმიანობა. მალე ორი კვირით მივლინებით ჰონგ კონგში გამიშვეს, ისე მოხდა, რომ ჰონგ კონგში დავრჩი, სადაც შემდეგ 16 წელი ვიცხოვრე. ჩემი სამუშაო საინვესტიციო საქმიანობას მოიცავდა, თუმცა მასში არის სხვადასხვა სფერო. თავდაპირველად მუშაობა სტრუქტურების შექმნის სპეციალისტად დავიწყე Jardine Flaming-ში, ვიყავი წარმოებული პროდუქტების ერთ-ერთი მიმართულების უფროსი. შემდეგ უფრო ვაჭრობის საკითხებზე გადავერთე, ანუ ზუსტად იმ ადგილას, სადაც მოგების პოვნა ხდება. ამ კუთხით უფრო მეტი წარმატება მქონდა და ბოლო წლებში მხოლოდ ამ მიმართულებით ვმუშაობდი JP Morgan-სა და Lehman Brothers-ში. რამდენიმე წელიწადი Nomura International-ის ინდოეთის ვაჭრობის მიმართულების უფროსი ვიყავი, რაც აზიაში ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია. ამის შემდეგ რეგიონული კუთხით ვაჭრობას ვედექი სათავეში, თუმცა ევროპისა და ამერიკის ბაზრებსაც ვუყურებდი. საინვესტიციო საბანკო სფეროდან წამოსვლის შემდეგ, პორტფელების მართვის სფეროში გადავედი, სადაც Silverhorn Investment Advisors-ში ფონდს ვხელმძღვანელობდი.

- რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება და როგორ დაიწყო თქვენი კარიერა "თიბისი კაპიტალში"?

- საქართველოში 2015 წლის მარტში ჩამოვედი. დაბრუნების მიზეზი იყო ის, რომ მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და მინდოდა, რომ მათ ქართული ესწავლათ. ზოგადად, "თიბისი ბანკთან" დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. ჰონკონგში ყოფნის პერიოდშიც ვფიქრობდი ბიზნეს შეთავაზებებზე და "თიბისი ბანკს" ვესაუბრებოდი. ყველაფერი ერთმანეთს ისე დაემთხვა, რომ, როგორც იტყვიან, ბოლოს პლანეტები ერთ ხაზზე გასწორდნენ.

- "თიბისი კაპიტალი" 1999 წელს დაარსდა, 2015 წლამდე მხოლოდ საბროკერო მომსახურებით იყო წარმოდგენილი, თუმცა წელს კვლევითი და საკონსულტაციო საქმიანობა დაემატა. უფრო დეტალურად გვითხარით, რა არის თქვენი სეგმენტი, რამდენად არის წარმოდგენილი საშუალო შემოსვალის მქონე კომპანიები და ფიზიკური პირები?

- ჩვენი ამოცანაა, რომ "თიბისი კაპიტალი" სრული მომსახურების გამწევ საინვესტიციო ბანკად ჩამოვაყალიბოთ. პირდაპირი გაგებით, საინვესტიციო ბანკი საბანკო მომსახურებას არ ნიშნავს. მისი საქმიანობა მოიცავს ინვესტიციების მოზიდვას, განთავსებას და ა.შ. ინვესტიციების მოზიდვასა და განთავსებასთანაა დაკავშირებული საბროკერო საქმიანობა, რაც საინვესტიციო ბანკის განუყოფელი ნაწილია და ამის ერთ-ერთი მიმართულებაა კვლევები. ინვესტორების რაღაც ნაწილს სპეციფიკურ საკითხებში უფრო დეტალურად გარკვევა აინტერესებს. შესაძლოა კიდეც იცოდეს, მაგრამ შენი მომსახურება იმისთვის უნდოდეს, რომ გარიგება სტრუქტურულად კარგად გაუმართო. რაც შეეხება კერძო პირებს, მათზე წვდომა კერძო პირების მომსახურების განყოფილებას ექნება, თუმცა ჩვენ შესაძლოა აღნიშნულ განყოფილებას გარკვეული პროდუქტი შევთავაზოთ. კორპორაციების შემთხვევაში, ჩვენ მათ შევაფასებთ იმის მიხედვით, რამდენად საინტერესო იქნებიან ისინი ინვესტორებისთვის.

- რომელ სფეროებს მოიცავს კვლევითი საქმიანობა? თუ გაქვთ უკვე მზად რამდენიმე ანგარიში და რამდენად აქცევენ ყურადღებას და ითვალისწინებენ კვლევის შედეგებს ის ბიზნესმენები, რომლებსაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელება სურთ?

- აქტუალური კვლევები ახლახან გამოქვეყნდა, როგორიცაა ენერგეტიკის შესახებ სექტორული კვლევა, ასევე სტუმართმოყვარეობის სეგმენტის კვლევა. ზოგადად, ინვესტორებს ეს აინტერესებთ. საქართველოში ჯერჯერობით ნაკლებობაა ისეთი სერიოზული ინვესტორებისა, რომლებიც ყოველდღე რაღაც ახალს გააკეთებენ. ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. აღნიშნული კვლევები დაეხმარება იმ ინვესტორებს, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ, უღირთ თუ არა ამა თუ იმ სფეროში კაპიტალის დაბანდება.

- მთავრობის წარმომადგენლებიც კი ხაზს უსვამენ იმას, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზარის განვითარება ჩანასახოვან მდგომარეობას ვერ გასცდა. ბევრი პრობლემაა, თუნდაც ის, რომ სახეზეა დანაზოგების ნაკლებობა. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით?

- საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებში არის მოთხოვნა იმისა, რომ ინვესტორებმა ინვესტიციების განსახორციელებლად კარგი ადგილები იპოვონ. ისინი სხედან და ფიქრობენ, თუ სად განახორციელონ ინვესტიცია. საქართველოში, ამ მხრივ, გასამარტივებელია პროცედურები. მე არ ვამბობ, რომ ახლა რთულია, მაგრამ შეიძლება კიდევ უფრო გამარტივება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. თუ რატომ, ამის მაგალითს გეტყვით – ეს ადამიანები სხედან თავიანთ კომპიუტერებთან და მათ ეკრანებსა და ტელეფონებზე დღეში დაახლოებით, 20-30 სხვადასხვა საინვესტიციო შემოთავაზება მოდის. ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, ღილაკზე თითის დაჭერით ხდება. ასევე აქვთ ჰეჯირების ინსტრუმენტები, ანუ რაღაც რისკს რომ აიღებენ, უნდათ, რომ გარკვეული კომპონენტი გაანეიტრალონ. ამას ორმხრივი ჰეჯირების ინსტრუმენტებს ეძახიან. ჩვენთან ორი ნაწილია საკანონმდებლო ბაზის, რომელმაც ამგვარ ინსტრუმენტებს ხელი უნდა შეუწყოს. საერთო კანონმდებლობა, რომელიც არ შეზღუდავს ინვესტორს, ან გამომშვებ კომპანიას, რომ ფასიანი ქაღალდები და ორმხრივი კონტრაქტები გააფორმონ ერთმანეთთან. სხვათა შორის, ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში ეს პროცესი საკმაოდ გამარტივებულია. მაგრამ, ორმხრივი კონტრაქტების საკანონმდებლო ბაზა დახვეწას საჭიროებს და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს, EBRD-ი არის ჩართული ეროვნულ ბანკთან ერთად. მეორე - ეს არის საგადასახადო კანონმდებლობა, რომელიც ამ პროდუქტებსა და საქმიანობას სუფთად განმარტავს. ჩვენ, პრაქტიკოსები ვფიქრობთ, რომ ეს სერიოზულ დახვეწას საჭიროებს. როცა ინვესტორი შემოდის, ისინი თავიანთი იურისტებისგან ყოველთვის იღებენ წერილობით ახსნა-განმარტებას. თუ შეხედავენ, რომ ჩვენი საგადასახადო რეჟიმი ოდნავ დაუხვეწავია ან დახვეწის პერიოდშია, ეს მათ საქმეს ურთულებს და ბაზრისადმი მადას უკარგავს.

- ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ფინანსური ბაზრები კომერციული ბანკების გამო ვერ ვითარდება, რადგან ბანკებს ამ ეტაპზე არ აწყობთ, რომ ხალხმა დანაზოგი ანაბარზე არ განათავსოს და ბირჟაზე აქცია იყიდოს, ანუ ბანკებს დეპოზიტების პორტფელის გაზრდა ურჩევნიათ. რა არის ამ პროცესში საბანკო სექტორის როლი და მზად არის თუ არა თავად ეს სექტორი კაპიტალის ბაზრის განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობისთვის?

- ეს მართებული მოსაზრება არ არის. პირველი აშკარა მაგალითია ის, რომ ამ საქმიანობაში ინვესტიციას აკეთებს თავად "თიბისი ბანკი", ასევე "საქართველოს ბანკი". ეს მიანიშნებს, რომ ბანკები ასე არ ფიქრობენ. მეორე - ფასიანი ქაღალდები უფრო ადვილად ბრუნვადია და ყიდვა-გაყიდვა მარტივად ხორციელდება. ბანკებს პირიქით, აწყობთ, რომ შემოსავლის წყარო დივერსიფიცირებული იყოს, და ამას მათი ინვესტორებიც ითხოვენ. ასე, რომ ეს მოსაზრება უკვე ნამდვილად აღარ არისმართებული.

- მთავრობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომლის ამოქმედებაც 2017 წლიდან იგეგმება, კაპიტალის ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს. თუ ხედავთ მათ შორის კორელაციას?

- კაპიტალის ბაზარს რაღაც სტიმულს ნამდვილად მისცემს. თუნდაც იმიტომ, რომ საპენსიო დანაზოგები ფასიან ქაღალდებში უნდა განთავსდეს. ამავე დროს, საპენსიო ფონდებს პროფესიონალი ინვესტორები წაუძღვებიან. მათ ბევრად უფრო მკაცრი მოთხოვნები აქვთ გამომშვებ კომპანიებთან, ვიდრე ჩვეულებრივ კერძო პირებს. ასეთი მოთხოვნები და ის, რომ ფასიანი ქაღალდების განთავსების შესაძლებლობა არსებობს, ასევე დაეხმარება გამომშვებ კომპანიებს, რათა მათ საკუთარი შიდა სამზარეულო მოაწესრიგონ, გახდნენ უფრო ტრანსპარენტულები, მათი მენეჯმენტი იყოს უფრო პროფესიონალი და გაუძლონ კონკურენციას.

- რას იტყვით, ფინანსური განათლების დონეზე საქართველოში. რამდენად გაცნობიერებული აქვს მომხმარებელს სესხის აღების დროს ვალდებულებები და რისკები?

- ფაქტია, რომ ამ პროცესში ბევრ ადამიანს შეექმნა და ექმნება პრობლემები. ეს იმის მაჩვენებელია, რომ კარგად არ არის ეს საკითხები გააზრებული. გამოსავალი წინასწარ უნდა დაინახო. პრობლემურ სესხებზე ელეგანტური და ლამაზი გამოსავალი საერთოდ არ არსებობს. სესხების აღება და მათი გასტუმრება საკმაოდ მათემატიკური პროცესია. ბევრ ადამიანს უთქვამს, სესხს ავიღებ, რაღაც კარგი მოხდება და თავისით მოხდება გასტუმრება. ამას სახელს ვერც კი დავარქმევ. ეს იგივეა, რომ ლატარიის მოგებას ელოდო.

- როგორც ფიქრობთ, დასახვეწია თუ არა კომერციულ ბანკებში სესხების გაცემის დროს რისკების შეფასების სისტემა?

- ვფიქრობ, რომ კომერციულ ბანკებს გაცნობიერებული აქვთ ეს რისკები. ეს მათი საქმიანობაა და იციან, რასაც აკეთებენ. ისინი ძალით და ცუდი განზრახვით სესხს არავის აძლევენ. ყველა ბანკს უნდა, რომ მისი სესხი დაბრუნდეს. მსოფლიოში ცნობილი მოვლენაა, რომ როდესაც ბანკი ამკაცრებს სესხის გაცემას, კარგი მსესხებელი მასთან აღარ მიდის და ცუდი მსესხებლები რჩებიან. რაც უფრო მეტად გაამარტივებ სესხების გაცემას, მით უფრო მეტი შანსი გაქვს, რომ შენი პორტფელი კარგად დააბალანსო.

- ჩვენი ეკონომიკის განვითარების დონეს თუ შევხედავთ, თავად როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატურია დღეს არსებული საპროცენტო განაკვეთები?

- არ არის მაღალი, არის ის, რაც საჭიროა, ანუ ამას ბაზარი არეგულირებს. არ არის ხელოვნურად დაჭერილი, ანუ ადეკვატურია. ძველი სისტემიდან მოყოლებული ჩვენთან დანაზოგები ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში ძალიან დაბალი ნაწილია. როდესაც საბჭოთა სისტემაში ვიყავით, ყველაფერი ძალიან რეგლამენტირებული იყო. საბჭოთა კავშირს დაშლის შემდეგ საერთოდ არაფერი დაგვრჩა. პროდუქტის შესაქმნელად საჭიროა შრომა და კაპიტალ-დანადგარები, ჩვენ სათანადო კაპიტალ-დანადგარები არ გაგვაჩნია, ამიტომ ძნელია, რომ პროდუქტიულობა მაღალი იყოს. როცა პროდუქტიულობა დაბალია, აქედან გამომდინარე, მაღალია მოხმარება. გამოდის, რომ ხარ ვირტუალურ ციკლში ჩაკეტილი - დაბალია შენი კაპიტალის ბაზა, ამისთვის საჭიროა, რომ უცხოური კაპიტალი მოვიზიდოთ. ადამიანებს არ აქვთ დოვლათი და ქონება, ვერც აგროვებენ, ამიტომაა რომ განაკვეთები არის მაღალი. რასაც გამოიმუშავებენ, დიდ ნაწილს არსებობისთვის მოიხმარენ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც, ჩვენ ყოველთვის ვიყავით ოდნავ მაღალი ინფლაციის ქვეყანა. ადგილობრივი წარმოება მცირე იყო და ჯერ კიდევ მცირეა, რომ დააკმაყოფილო მოთხოვნები. ნელ-ნელა ეს კარგისკენ იცვლება. მაღაზიებში უკვე გვხვდება ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, თუმცა მაინც იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანად ვრჩებით. ეკონომიკა დასაბალანსებელია. შიდა პროდუქტში წილობრივად უფრო ნაკლები მოხმარება უნდა იყოს და დანაზოგი გაიზარდოს. ეს როგორ მოხდება, ტექნიკის საქმეა. სხვა გამოსავალი არ არსებობს. ეს ადრე თუ გვიან თავისით მაინც დარეგულირდება.

- ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხშიც ხართ ჩართულები. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ ამ პროექტის მნიშვნელობის შესახებ?

- ანაკლიის პორტის მშენებლობას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" განახორციელებს. "თიბისი კაპიტალი" არის ამ კონსორციუმის წამყვანი ფინანსური კონსულტანტი, ჩვენ ვეხმარებით მათ ინვესტორების მოძიებასა და მათთან სტრუქტურირებულ საუბარში. ასეთი დონისა და მასშტაბის აბსოლუტურად კერძო ინვესტიცია საქართველოში არ განხორციელებულა. ეს არის უნიკალური, საშვილიშვილო პროექტი. იმ ინვესტორებისთვის, ვინც მასში მონაწილეობას მიიღებენ, ეს იქნება დიდი დოვლათის შემქმნელი. როცა გამოცდილი და ძალიან მსხვილი ინვესტორები იგებენ, რა მასშტაბებზეა საუბარი, უკვე ყურადღებას გითმობენ. პროექტი 50 წლიანია. მას ექნება განვითარების სხვადასხვა ფაზა. პირველი ფაზის მშენებლობა დაახლოებით, მომავალ წელს დაიწყება და სამ წელიწადში პორტი პირველ ტვირთს მიიღებს. ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან სპეციფიკურია, ყოველ მეორე დღეს მსგავსი პროექტი არ "იჩეკება" მსოფლიოში, ამიტომ, ერთი მხრივ, ეს გვეხმარება, რომ რადარზე ადვილად მოვხვდეთ.

- 2015 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2014 წლის დაზუსტებულ შედეგებზე 23%-ით ნაკლებია. რამ განაპირობა ეს და რა მოლოდინები გაქვთ ამ კუთხით მიმდინარე წელს?

- ერთი მხრივ, მსოფლიო მოვლენებზე ვართ დამოკიდებული. 2014 წლის ჩათვლით მთელ მსოფლიოში იაფი ფულის პოლიტიკა იყო. დიდი ცენტრალური ბანკები, როგორიცაა ამერიკის ფედერალური ბანკი, ევროპის ცენტრალური ბანკი და იაპონიის ბანკი, იაფი ფულის პოლიტიკას აწარმოებდნენ. 2015 წლის დასაწყისიდან Fed-მა განაცხადა, რომ აღნიშნული პოლიტიკა დაასრულებდა, რამაც ბაზრებისგან გარკვეული უკურეაქცია გამოიწვია. ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთები მცირედით გაზარდა კიდეც. ადრეც იყო მსგავსი მოვლენები, როდესაც ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ განაკვეთები გაზარდა, რამაც შემდეგ კრიზისი გამოიწვია, ამიტომ სიფრთხილეა საჭიროა. თუ ასეთ სიტუაციაში ინვესტორებს ეტყვი, რომ საქართველომ გაამარტივა ყველაფერი - რეგულაციები, საგადასახადო სისტემა (მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი ინვესტორებისთვის საინტერესო იქნება), ასევე თუ საგადასახო სისტემას კაპიტალის ბაზრებისთვისაც გაამარტივებ, მაშინ შეგიძლია, შოკის ამორტიზატორის ფუნქცია ნაწილობრივ შეასრულო. რაც შეეხება ინვესტიციებთან მიმართებაში მოლოდინებს, ეს არის ფრთხილად ოპტიმისტური.

- რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ, ხომ არ აპირებთ საქმიანობის სფეროს კიდევ უფრო გაფართოებას?

- ბაზრის მონაწილეების სამი ჯგუფი არსებობს. პირველი - კორპორაციები, რომელთაც სურთ კაპიტალის მოზიდვა, რომ მერე გაფართოვდნენ, დანადგარები შეიძინონ, პროდუქცია გამოუშვან და გაყიდონ ადგილობრივ ან საერთაშორისო ბაზარზე. მეორე - საინსტიტუციო ინვესტორები ანუ ფონდები ან ისეთი ძლიერი ორგანიზაციები, რომლებსაც რესურსები აქვთ იმისთვის, რომ დიდი ფული შეკრიბონ და განათავსონ და მესამე - კერძო პირები. ჩვენი მიზანია, რომ ზუსტად ასეთ კომპანიებს, რომლებსაც კაპიტალის მოზიდვა უნდათ, გამოვაშვებინოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც საინსტიტუციო დაკერძო ინვესტორებთან მივა. ამაში გამოიხატება ჩვენი არსი. ეს უნდა გავაკეთოთ რაც შეიძლება ეფექტურად, რომ ნაკლები დანახარჯები და ყველასთვის მომგებიანი სიტუაცია იყოს.

ნათია რუხაძე

"ინტერპრესნიუსი"