ქართული კასრები შესაძლოა, ევროპაში გავიდეს ექსპორტზე

ქართული წარმოების ღვინის კასრებით გერმანია, თურქეთი და ყაზახეთი დაინტერესდნენ.

როგორც სააქციო საზოგადოება "პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტების" საწარმოს დირექტორი ვასილ კალანდაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ხარისხის სერთიფიკატის აღების შემდეგ, პროცესი აქტიურ ფაზაში შევა.

კალანდაძე აღნიშნავს, რომ ქართული კასრების საექსპორტო ფასი ევროპულთან შედარებით, 100-150 ევროთი ნაკლები იქნება.

,,ქართული კასრის საექსპორტო ფასი ამ ეტაპზე შესაძლოა 600 ევროთი განისაზღვროს. მართალია, პროდუქციის ღირებულება ცვალებადია, რადგან გამოყენებული მასალა საკმაოდ ძნელად მოსაპოვებელია, მაგრამ ის ყოველთვის იქნება ფრანგულ კასრზე 100-150 ევროთი იაფი. მოგეხსენებათ, ჩვენთან ანაზღაურება გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში. შესაბამისად, იქ წარმოებაც ძვირი ჯდება”, - აღნიშნავს საწარმოს დირექტორი.

საწარმოს თვეში 160 კასრის დამზადება შეუძლია, თუმცა როგორც ვასილ კალანდაძე აღნიშნავს, ექსპორტზე გასვლის შეთხვევაში, წარმოების გაზრდა და ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. მისი თქმით, საწარმოში არა მარტო ახალი კასრების დამზადება, არამედ ძველის რესტავრაციაც მიმდინარეობს.

საწარმო, რომელშიც 15 ადამიანია დასაქმებული, გურჯაანში მდებარეობს. საერთო ჯამში, მასში 1,4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 550 ათასი დოლარი მეწარმემ აგროკრედიტის სახით მიიღო.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე