დიმიტრი ქუმსიშვილი - Microsoft-ის ლიცენზირებულ პროგრამებზე მთლიანად ქვეყნის რეფორმის ნაწილში თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ

Microsoft-ის ლიცენზირებულ პროგრამებთან დაკავშირებით მთლიანად ქვეყნის რეფორმის ნაწილში თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომლის მიხედვითაც Microsoft-ის ლიცენზირებული პროგრამების დანერგვასთან ბიზნესს აქვს გარკვეული პრობლემები, მათ არ აქვთ ერთბაშად თანხა და ისინი გარკვეულ რესტრუქტურიზაციას მოითხოვენ.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, საავტორო უფლებებთან დაკავშირებით შარშან კარგი პროგრესი იყო.

"ჩვენ Microsoft-თან ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ, რომლის მიხედვითაც, პრაქტიკულად, მთელ მთავრობას ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა აქვს. თუმცა, ჩვენ არაერთხელ Microsoft-თან ურთიერთობაში აღვნიშნეთ, რომ მთლიანად ქვეყნის რეფორმის ნაწილში უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და კომპანიებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ისინი გადავიდნენ ლიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.