სემეკმა მოქალაქეებს 77 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მოქალაქეებს 77 871.7 ლარი ჩამოაწერა. გადაწყვეტილება სხდომაზე გახდა ცნობილი.

სემეკის პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე განსახილველ საკითხთა უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს და მათი უმრავლესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ გადაწყდა.

"კონკრეტულად, დავები შეეხებოდა ხანდაზმულ დავალიანებებს, უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, კომპანიების დადგენილებებს აბონენტთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე და მრიცხველის შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხებს. კომისიის გადაწყვეტილებით, ჩამოწერილი თანხების რაოდენობამ 77 871.7 ლარი შეადგინა.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც", - აცხადებენ სემეკში.