ქართველი სტუდენტების სტარტაპმა გერმანიაში გამართულ კონკურსზე გაიმარჯვა

გერმანიაში, ქალაქ ბრემენში გამართულ ინტერნაციონალური სტუდენტური სტარტაპების კონკურსზე ქართველმა სტუდენტებმა პირველი ადგილი მოიპოვეს.

კომპანია Interactive Glove LTD-ის აღმასრულებელი დირექტორი და ინტერაქტიული ხელთათმანის - InGlove-ის შექმნის იდეის ავტორი დიმიტრი ცხოვრებაძე ”ბიზნესპრესნიუსთან” გერმანიაში გამართულ Jacobs Startup Competition-ზე მოპოვებულ წარმატებაზე საუბრობს:

”ქალაქ ბრემენში, Jacobs-ის უნივერსიტეტი ატარებს გლობალურ, სტუდენტური სტარტაპების ჩემპიონატს, რომელშიც მსოფლიოს ტოპ-უნივერსიტეტები მონაწილეობენ, მათ შორის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, სტენფორდი, იელი და ა.შ. ჩვენ თავისუფალ, აგრარულ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებს წარმოვადგენთ. ჩემპიონატზე 127 პროექტი დარეგისტრირდა და გავედით ათეულში. ფინალის შედეგად ჩვენი გუნდი პირველ ადგილზე გავიდა და ჯილდოს სახით 3 ათასი ევრო გადმოგვცეს”, - აღნიშნავს დიმიტრი ცხოვრებაძე.

ინტერაქტიული ხელთათმანის პროექტზე ამჟამად თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი დიმიტრი ცხოვრებაძე, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი გაბარაშვილი (ტექნოლოგიური ლიდერი) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, გიორგი მეშველიანი (კომუნიკაციების მენეჯერი) მუშაობენ. დიმიტრი ცხოვრებაძის თქმით, ინტერაქტიული ხელთათმანის მთავარი მიზანია ადამიანის ვირტუალურ სამყაროსთან შეგრძნებების დონეზე დაკავშირება: ”ინტერაქტიული ხელთათმანი საშუალებას გვაძლევს ვირტუალური რეალობა კომპიუტერში ფიზიკურად შევიგრძნოთ. მაგალითად, თუ ვთამაშობთ თამაშს, რომელშიც ხელს ვირტუალურ თოვლის გუნდას ვკიდებთ, თათმანის საშუალებით ჩვენ შევიგრძნობთ გუნდის ფორმას და ტემპერატურას. ეს არის მთავარი იდეა. მაქსიმალურად ვაკავშირებთ ჩვენს თავს კომპიუტერულ, ციფრულ რეალობასთან”, - ამბობს დიმიტრი ცხოვრებაძე.

მისივე თქმით, ამჟამად გუნდი ქართველ პროგრამისტებთან მუშაობს, რათა ”გეიმერებისთვის” ისეთი თამაშები შეიქმნას, სადაც ისინი ინოვაციურ ხელთათმანს გამოიყენებენ: ”ახლა ძირითადად მიმართულები ვართ მოთამაშეების, ანუ ”გეიმერებისკენ”, და ვაკეთებთ თამაშებს ქართველ პროგრამისტებთან ერთად იმისთვის, რომ გეიმერებმა შეძლონ მაქსიმალურად რეალურად აღიქვან ვირტუალური სივრცეები და ვირტუალური თამაშები”, - აღნიშნავს სტუდენტი.

დიმიტრი ცხოვრებაძის ინფორმაციით, Interactive Glove LTD-ის სტარტაპით ბევრი კომპანიაა დაინტერესებული. გერმანიაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კი ინტერაქტიული ხელთათმანით გერმანული კომპანიაც დაინტერესდა.

თამარ კორკოტაშვილი