ინვესტორები ნაკლებად უწყობენ ხელს მაღალტექნოლოგიური, ექსპორტზე ორიენტირებული დარგების განვითარებას

გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ ეკონომიკებში, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე – სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს.

საქსტატის წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წელს 1.35 (2014 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე 23%-ით ნაკლები), ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე კი – 14.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ უცხოური ინვესტიციების უდიდესი ნაწილი დედაქალაქზე მოდის (ბოლო 5 წლის განმავლობაში – 75%), მეორე ადგილს კი სტაბილურად აჭარის რეგიონი იკავებს (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს რეგიონების მიხედვით (ათასი აშშ დოლარი).

bpn

საქართველოს და აგრეთვე საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მასშტაბური და გრძელვადიანი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას მრავალი მაჩვენებელის ერთობლიობა განაპირობებს. საქართველოსთვის ნეგატიურ ფაქტორებში შეგვიძლია განვიხილოთ: მცირე სამომხმარებლო ბაზარი; სამუშაო ძალის დაბალი კვალიფიკაცია (მიუხედავად წერა-კითხვის და დიპლომიანთა თითქმის ასპროცენტიანი მაჩვენებლისა მოსახლეობის ერთ სულზე); ორი კონფლიქტური რეგიონის არსებობა; მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობა და მრავალი სხვა. თუმცა, არსებობს პოზიტიური მხარეებიც, როგორებიცაა: საკანონმდებლო ბაზრის მუდმივი გაუმჯობესება; დაბალი გადასახადები, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ევროკავშირთან, საქართველოს ადგილმდებარეობის უპირატესობა და სხვა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ჭრილში საქართველო მიმზიდველ ქვეყანათა რიცხვს განეკუთვნება. თუმცა, ჯერჯერობით, უცხოელი ინვესტორები საქართველოში მაინც იაფი სამუშაო ძალის გამოყენებით, ადგილობრივი ბაზრის ათვისებით არიან დაკავებულნი და ნაკლებად უწყობენ ხელს მაღალტექნოლოგიური, ექსპორტზე ორიენტირებული დარგების განვითარებას.

საინტერესოა, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის საინტერესო დარგებია: ენერგეტიკა; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა; საფინანსო სექტორი, უძრავი ქონებისა და სამშენებლო ბაზრები, აგრეთვე დამამუშავებელი მრეწველობა – ჯამურად უცხოური ინვესტიციების 80%-ზე მეტი, 2015 წლის წინასწარი მონაცემებით. სხვა სფეროებში ინვესტორთა დაინტერესება საკმაოდ დაბალია, მაგალითად: საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის მიმართულების ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადების მიუხედავად, ინვესტიციები ამ სფეროში მიზერულია და ბოლო 5 წლის განმავლობაში მთლიანი ინვესტიციების 2%-ზე ნაკლებია (იხ. ცხრილი 2).

განაგრძეთ კითხვა