ყაზახი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს ყაზახეთიდან წამყვანი ტურ-ოპერატორები, ჟურნალისტები და ავიაკომპანია SCAT-ის წარმომადგენლები ეწვივნენ.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში აცხადებენ, ავიაკომპანია SCAT ივნისიდან აქტაუ – ბათუმის მიმართულებით კვირაში ორჯერ რეისებს შეასრულებს. ინფოტურის ფარგლებში ყაზახმა ტურ-ოპერატორებმა შეხვედრები ქართველ კოლეგებთან გამართეს. 13 კაცისგან შემდგარმა ჯგუფმა თბილისის, ქუთაისის, წყალტუბოს და ბათუმის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, ბოლო პერიოდში ყაზახი ტურისტები საქართველოს მიმართულებით როგორც შავი ზღვის, ასევე სამთო-სათხილამურო და გამაჯანსაღებელი კურორტებით სულ უფრო მეტად ინტერესდებიან.

აღნიშნული ტურის მიზანია ყაზახეთის ბაზარზე საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების აქტიური რეკლამირება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წელს ორ თვეში საქართველოს ყაზახეთიდან 3 384 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 23%-ით მეტია.