დიმიტრი ქუმსიშვილი Best Western-ის ახალი სასტუმროს პრეზენტაციას დაესწრო

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქსელის Best Western-ის მიერ საქართველოში ახალი სასტუმროს პრეზენტაციას დაესწრო , რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში ბათუმის ახალ ბულვარში უნდა გაიხსნას.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, პრეზენტაციას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

Best Western-ის ბათუმის სასტუმრო ოპერირებას შეძლებს აღნიშნული ქსელის ახალი თანამედროვე ხაზის Vib (vaib) შესაბამისად.

როგორც პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, აღნიშნული სიახლეა ევროპისთვისაც და მალე Best Western-ი ოფიციალურად დააანონსებს ახალი სასტუმროს "ბათუმი ბესთ ვესთერნ ვაიბის" გახსნას. მშენებარე სასტუმრო 4-ვარსკვლავიანი და 60-ნომრიანი იქნება.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ტრადიციული სექტორია.

"ჩვენ გვაქვს ტურიზმის განვითარების სტრატეგია. საქართველოში ყოველწლიურად, მნიშვნელოვნად იზრდება საერთაშორისო ვიზიტორთა რიცხვი. მზარდ ტურისტულ ნაკადს სჭირდება შესაბამისი სერვისები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სადაც ჩვენ ტურისტები უნდა მივიღოთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Best Western-ი სამომავლოდ, ქსელის გაფართოებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.