„ასტონ-ბული“ - ახალი სიტყვა ჰიპერქარების სეგმენტში

ბრიტანული სპორტული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Aston Martin და ფორმულა 1-ის არაერთგზის ჩემპიონი საჯინიბო Red Bull ერთობლივ პროექტზე მუშაობენ. ჰიპერ-ავტომობილი კოდური სახელწოდებით AM-RB 001, როგორც ამბობენ, ახალი სიტყვა იქნება ჰიპერ-ქარების სეგმენტში და უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე ფორმულა 1-ის ბოლიდი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავტომობილი იქნება ე.წ. „სთრით-ლეგალი“ და მისი ხილვა მომავალში არამხოლოდ ტრეკებზე, არამედ ჩვეულებრივ გზებზეც იქნება შესაძლებელი.

ამ პროექტზე ხმები ადრეც გავრცელებულა, თუმცა ის თავიდანვე ჭორად იქნა აღქმული, ახლა კი, როდესაც ფორმულა 1-ის 2016 წლის სეზონი სტარტს იღებს ავსტრალიაში, კომპანიებმა ერთობლივ პროექტს ფარდა ნაწილობრივ ახადეს. უკვე ცნობილია, რომ ჰიპერ-ქარზე მუშაობა დაწყებულია კომპანიის ოფისში და ის ჯერ ადრეულ სტადიაზე იმყოფება. ამის დასტურია ის „სილუეტი“, რომელიც გავრცელდა. ასევე ცნობილია, რომ ავტომობილის მხოლოდ 99 ერთეული შეიქმნება და მისი სავარაუდო ღირებულება 3-4 მილიონი დოლარის ფარგლებში იმერყევებს. პირველი ავტომობილი მფლობელს 2018 წლისთვის ჩაბარდება.

კოკა კვირკველია