თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივით, თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო.

როგორც თბილისის საკრებულოში აცხადებენ, პროექტის მიმდინარეობას საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი და რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი ადგილზე გაეცნენ.

პროექტს, რომელიც 100-ზე მეტ ოჯახს ბუნებრივი აირით უზრუნველყოფს, კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ასრულებს. გაზის ცენტრალური ქსელის მოწყობისთვის 120 ათასი ლარი დაიხარჯება.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, რაიონის ხელმძღვანელობა დედაქალაქის ახლად შემოერთებული ტერიტორიის მცხოვრებლებსაც შეხვდა.

მოსახლეობასთან შეხვედრისას რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა და გამგებელმა თბილისი-თელეთში კომუნიკაციების მოწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

გიორგი კოპალეიშვილის განცხადებით, თელეთი დედაქალაქის ახალი დასახლებაა და შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე ყველანაირი საკომუნიკაციო სამუშაოებია ჩასატარებელი. მისივე თქმით, გაზიფიცირება არის პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით და სამომავლოდ, სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება კიდევ იგეგმება.

ბექა ნაცვლიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ გაზიფიცირების შემდეგ კრწანისის გამგეობა დასახლებაში წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრასა და გარე განათების მოწყობას გეგმავს. 2017 წლიდან კი თბილისი-თელეთის დასახლებაში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.