კახეთის რეგიონში თევზის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაციის" ინიციატივით და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში თევზის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინტროში აცხადებენ, უკანასკნელ წლებში კახეთის რეგიონში თევზსაშენი მეურნეობების მასშტაბები გაზრდილია. 2015 წელს, შპს "საქართველოს მელიორაციამ" წყალი 1 600 ჰექტარზე მეტ სათევზე მეურნეობას მიაწოდა, რაც უფრო აქტუალურს ხდის თევზსაშენ მეურნეობებში წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენების საკითხს. სპეციალისტებმა თევზის მწარმოებელ ფერმერებს ინფორმაცია მიაწოდეს, ასევე, აკვაკულტურის ახალი სისტემების, დარგის ტექნოლოგიური განვითარების პერსპექტივების შესახებ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა მეტბორეებს გააცნეს ინფორმაცია სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების და მეთევზეობის დარგისათვის აგროკრედიტის პერსპექტივების შესახებ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ფერმერებმა მოსაზრებები გამოთქვეს დარგის მდგომარეობის, პრობლემების და საჭიროებების შესახებ. ხაზი გაესვა უკანასკნელი ათწლეულობის განმავლობაში დარგში თეორიული ცოდნის ნაკლებობას, რომელიც აუცილებელია თევზსაშენი მეურნეობების ეფექტურობის ამაღლებისათვის. ფერმერების მიერ დადებითად შეაფასდა დარგის განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამნისტროს სხვადასხვა უწყებისა და თევზის მწარმოებელი ფერმერების თანამშრომლობის ინციატივა.

შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, შპს "საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორი ლევან დვალი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების სამმართველოს უფროსი არჩილ ფარცვანია, პროექტების მართვის სააგენტოს და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.