რა შემთხვევაში დაგაბრუნებინებენ დაწუნებულ პროდუქციას

საქართველო მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით კვლავ სავალალო მდგომარეობაშია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სპეციალისტების განცხადებით, არსებული კანონმდებლობა ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი არ არის. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, ქვეყანაში იმპორტირებული საკვები პროდუქციის სრულყოფილი გამოკვლევა არ ხორციელდება. ეს კი ფალსიფიცირებული საკვები პროდუქტების შემოტანის რისკებს ზრდის, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

აღსანიშნავია, რომ საკვები პროდუქტებისა და სასმელი წყლით გადამდები დაავადებებით მსოფლიოში ყოველწლიურად 2,2 მილიონი ადამიანი იღუპება.

საქართველოში მომხმარებელი თითქმის ყველა სფეროში ტყუვდება, იქნება ეს სურსათი, საყოფაცხოვრებო და ელექტროტექნიკა, ტანსაცმელი, კოსმეტიკური საშუალებები თუ სხვა, ამაზე "მთელი კვირის" მიერ მოპოვებული ფაქტებიც მეტყველებს.

თეონა ჩიტიშვილმა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სუპერმარკეტში ფენოვანი ცომი შეიძინა, სადაც დიდი ოდენობით პოლიეთილენის ცელოფანი აღმოჩნდა.

"მას შემდეგ, რაც ცომში ცელოფნის ნაჭრები აღმოვაჩინე, უკან მაღაზიაში ჩავიტანე. მაღაზია პასუხისმგებლობას კომპანიას აკისრებდა და ამის გამო პროდუქტის დაბრუნებაზე უარს ამბობდა. თუმცა სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ პროდუქტი გამომიცვალეს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ჩიტიშვილი.

მისივე თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი რამ შეემთხვა. ამბობს, რომ მომხმარებელთა უფლებებს საქართველოში არავინ იცავს.

"ძალიან კარგი იქნება, თუ მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით კანონი გამკაცრდება და საკვები პროდუქტების კონტროლი გაორმაგდება. ფალსიფიცირებული პროდუქტი ჩვენს ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ყველაფერი კარგად უნდა შემოწმდეს, თორემ პურშიც კი შემხვედრია ქვები, მაგრამ დაჭრილი პური უკან ვეღარ ჩამიტანია", - გვითხრა ჩიტიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პროდუქტებზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო და "მომხმარებელი.ჯი" ახოციელებენ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სუპერმარკეტებსა თუ ბაზრობის დახლებზე ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტი მაინც ხვდება.

"იმპორტირებულ პროდუქციაზე სასაზღვრო კონტროლი მხოლოდ განსაზღვრული სახის ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე ვრცელდება და მცენარეული წარმოშობის პროდუქტებს არ მოიცავს. თუმცა, აღნიშნული კონტროლი შესაბამისი ნორმების დაცვით არ მიმდინარეობს.

"მაგალითად, პროდუქციაზე ნიმუშების აღება მონიტორინგის გეგმით განსაზღვრული რაოდენობის მიხედვით არ ხდება. გარდა ამისა, ნიმუშები არ მოწმდება. ყველა იმ პარამეტრზე, რომლებიც მონიტორინგის გეგმითაა განსაზღვრული, ასევე დარღვევები დაფიქსირდა ნიმუშების გეგმით განსაზღვრულ პარამეტრებზე შემოწმებისასაც.

საზღვარზე შემოსული საქონლის განთავსება ქვეყნის შიგნით არსებულ ბაზარზე ხდება, სადაც კონტროლი ინსპექტირებისა და მონიტორინგის საშუალებით ხორციელდება.

"ინსპექტირების პროცესის შესწავლისას გამოვლინდა, რომ აუდიტის პერიოდში სააგენტოს არ გააჩნდა სრული, ზუსტი და დროული ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედ ბიზნესოპერატორებთან დაკავშირებით. აუდიტის პერიოდში სააგენტოს არ განუსაზღვრავს ბაზარზე მოქმედი ყველა ბიზნესოპერატორის რისკის დონე და შესაბამისად, არ ფლობდა სრულ სურათს შექმნილი რისკების შესახებ", - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

მათივე განცხადებით, მაღაზიები გარკვეულწილად მოწმდება, თუმცა, სრულიად უკონტროლოა ქუჩაში გაყიდული საქონელი. კანონით გარევაჭრობა აკრძალულია, თუმცა დედაქალაქში არაერთ ადგილას აღმოაჩენთ ხორცს, თევზს და სხვა მალფუჭებად პროდუქტს. სურსათის ეროვნულ სააგენტოს კი მათი შემოწმება არ ეხება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად მიზანშეწონილია.

სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის ექსპერტი ეთერ სარჯველაძე ამ პრობლემის გადაჭრას სკეპტიკურად უყურებს. ამბობს, რომ გარეთ არაჰიგიენურ პირობებში პროდუქტების ყიდვაზე უარი თავად მოსახლეობამ უნდა თქვას.

ზოგადად კი მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით ბოლო რამდენიმე წელში პროგრესს ხედავს. მისი თქმით, სუპერმარკეტებში სურსათის უვნებლობის სამსახური მოულოდნელ კონტროლს ახორციელებს. თავის მხრივ, სურსათს "მომხმარებელი ჯი"-ც აკონტროლებს, თუ მომხმარებელმა პროდუქტის ხარისხში შეიტანა ეჭვი და ამის შესახებ ორგანიზაციას აცნობა.

"მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ფალსიფიცირებული პროდუქცია გვხვდება, საერთო ჯამში მომხმარებელთა უფლებები მეტ-ნაკლებად მაინც დაპცულია. დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, სურსათის მწარმოებელს აღარ აქვს უფლება პროდუქციაზე არაზუსტი შემადგენლობა მიუთითოს. მაგალითად, არ აქვს უფლება "არაჟანი" დააწეროს პროდუქტს და იყოს "არაჟანისმაგვარი", მსგავსი შემთხვევები დასჯადია.

"დაუშვებელია პროდუქციის არაჰიგიენურ პირობებში გაყიდვა. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ძალზე ხშირია, თუმცა ეს სურსათის უვნებლობის კომპეტენციაში არ შედის. იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს, პოლიციის ჩარევაა საჭირო. ამას კი დიდი აურზაური მოჰყვება. დღეს აუკრძალავ - ხვალ ისევ დაჯდება, მაგრამ თუ მომხმარებელი არ ეყოლება, მერე ვერაფერს იტყვის და სხვა სამსახურს მონახავს", - აღნიშნა სარჯველაძემ.

"მომხმარებლის უფლება სამომხმარებლო ბაზარზე საერთოდ არ არის დაცული", - ამ განცხადებას კი საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე აკეთებს.

მისი თქმით, საქართველოში კონტროლირებადი მხოლოდ სურსათის უვნებლობაა. სხვა დანარჩენ სფეროებში არანაირი რეგულაცია და კონტროლი არ ხდება.

"მომხმარებელთა უფლებები - ეს არის მხოლოდ სურსათის უვნებლობა. საქართველოში ერთადერთი, რაც სახელმწიფოს მიერ არის რეგულირებადი და კონტროლირებადი, მხოლოდ სურსათია. სხვა დანარჩენი სფეროები ყოველგვარი ყურადღების, ზედამხედველობისა და კონტროლის გარეშეა დარჩენილი.

"თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი არ არსებობს, სამწუხაროდ, მომხმარებლის უფლება სამომხმარებლო ბაზარზე საერთოდ არ არის დაცული", - აცხადებს კოიძე.

ის, რომ კონტროლი არც ტექნიკაზე და არც სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებზე არ ხდება, "მთელ კვირას" ერთ-ერთმა დაზარალებულმაც დაუდასტურა.

როგორც თბილისში მცხოვრები ნინო ლობჟანიძე გვეუბნება, იგი ტექნიკის შეძენისას მოატყუეს, რაც საკმაოდ გვიან აღმოაჩინა და რეაგირებაც ვერ მოახდინა.

"ერთ-ერთ მაღაზიაში შევიძინე ლეპტოპი, რომელზედაც გადამესხა წყალი. ხელოსანთან მიტანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩემ მიერ შეძენილი ახალი კომპიუტერი სულაც არ იყო ახალი და სინამდვილეში, მთელი მისი შიდა ნაწილები უკვე გამოცვლილი იყო, რის გამოც მისი შეკეთება ვეღარ მოხერხდა და რამდენიმე თვის წინ ნაყიდი კომპიუტერის გადაგდება მომიწია.

პასუხი ვერც იმ მაღაზიის პატრონს მოვთხოვე, სადაც აღნიშნული ლეპტოპი შევიძინე, რადგან ისიც არ ვიცოდი, ვისთვის მიმემართა და საკუთარი უფლებები როგორ დამეცვა", - გვითხრა დაზარალებულმა.

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ დღეს თუ მომხმარებელი შეძენილ პროდუქციაზე პრეტენზიას გამოთქვამს, ან სურს მისი დაბრუნება, ხშირად, კონკრეტული პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს თითქმის შეუძლებელია.

დღესდღეობით ძალიან ცოტაა ისეთი მაღაზია, რომელიც იბრუნებს პროდუქციას, ისიც მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ზრუნავს თავის იმიჯზე და არა იმიტომ, რომ ამას კანონი ავალდებულებს. ანუ, პროდუქციის დაბრუნება მაღაზიის ნებაზეა დამოკიდებული.

"მოსახლეობისთვის საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს ტექნიკაზე დატანებული ინსტრუქციაც, რადგან ხშირ შემთხვევაში იგი ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი არ არის და გაუგებარია ზუსტი ინსტრუქციები. იმ შემთხვევაში კი, თუ პროდუქციას ახლავს ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი ინფორმაცია, ის საკმაოდ მწირია და არ შეიცავს ნივთის დეტალურ აღწერას.

"აღნიშნული პრობლემა კი სწორედ მომხმარებელთა უფლებების დარღვევაა, რადგან მომხმარებელს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ნებისმიერ პროდუქციაზე, რომელიც გასაყიდად არის გამოტანილი, მიიღოს დეტალური ინფორმაცია.

"ხშირ შემთხვევაში ირღვევა საგარანტიო პირობებიც, ასევე ტექნიკასთან დაკავშირებით არ გვაქვს საშუალება კვლევა ჩავატაროთ და გამოვრიცხოთ ისეთი რისკები, რომელიც ფიზიკური ფაქტორებით არის განპირობებული - ხმაური, ვიბრაცია და ა. შ.", - აღნიშნავს კოიძე.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანო უახლოეს პერიოდში იმსჯელებს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტში კანონი უკვე ინიცირებულია.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის მაისში გაუქმდა საქართველოს 1996 წლის კანონი "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ", რის შედეგადაც მომხმარებლების უფლებები საქართველოში საგრძნობლად შეიზღუდა. ამავე დროს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მომხმარებელთა უფლებების მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან.

მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის ევროპული მიდგომა ითვალისწინებს არა მხოლოდ უფლებების სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბებას, არამედ მათი დაცვის მექანიზმების შექმნას და ინსტიტუციურ უზრუნველყოფას.

აღნიშნული კანონპროექტით მომხმარებელს საშუალება ექნება, გარდა პროდუქციაზე სრული ინფორმაციის მიღებისა, სურვილის შემთხვევაში, ნაყიდი პროდუქციის უკან დაბრუნებაც შეძლოს. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი ნაკლის მატარებელია, მომხმარებელს ცალსახად უბრუნდება თანხა, მაგრამ თუ მომხმარებელმა იყიდა გარკვეული ნივთი, წაიღო სახლში და შემდგომ გაიაზრა, რომ მან შეიძინა ისეთი პროდუქცია, რომელიც მის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შეეძლება უბრალოდ მივიდეს მაღაზიაში და მარტივად დააბრუნოს ის. თუმცა, რასაკვირველია ნივთს არ უნდა ჰქონდეს დაკარგული სასაქონლე სახე და არ უნდა იყოს იმ გამონაკლისთა სიაში, რასაც სჭირდება შენახვის სპეციალური პირობები ან მოკლე შენახვის ვადით არის განსაზღვრული.

"კანონპროექტი ძირითადად ეხება ტანსაცმელსა და ტექნიკას. პროდუქციას, რომელსაც სჭირდება სპეციალური შენახვის პირობები, მათ შორის მედიკამენტებზეც, აღნიშნული კანონი არ გავრცელდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხელშეკრულება, რომელიც ცალსახად ითვალისწინებს ბიზნესის ინტერესებს და სადაც უგულებელყოფილია მომხმარებლის ინტერესები, აღნიშნული კანონმდებლობის მიღების შემდეგ გაუქმდება.

აგრეთვე ძალზედ მნიშვნელოვანია მომხმარებლის ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა, ვინაიდან თუკი ქვეყანაში არსებობს ბიზნეს ომბუდსმენი, რატომ არ უნდა არსებობდეს მომხმარებელთა ომბუდსმენი, რომელიც დაიცავს მათ უფლებებს სამომხმარებლო ბაზარზე?" - განაცხადა მადონა კოიძემ.

ასევე შეგახსენებთ, რომ კანონი გენმოდიფიცირებული პროდუქტის სავალდებულო მარკირების შესახებ ძალაში 2015 წლის 1 ივლისიდან შევიდა, თუმცა სავაჭრო ქსელში პროდუქციის "გმო" ნიშნით ეტიკეტირება არ მომხდარა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს დეპარტამენტის უფროსი, კახა სოხაძე ამბობს, რომ სურსათის და ბოსტნეულის შემოწმება მათი სააგენტოს მიერ მესამე წელია ხორციელდება, თუმცა გენმოდიფიცირებული პროდუქცია ქართულ ბაზარზე არ აღმოჩენილა.

თიკო ოსმანოვა

გვანცა ღვედაშვილი

გაზეთი "რეზონანსი"