შპს "ნიკორა ტრეიდმა" 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა

შპს "ნიკორა ტრეიდმა" 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა. აღნიშნული ობლიგაციების განთავსება სააქციო საზოგადოება "გალტ & თაგარტმა" უზრუნველყო. ამასთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო "რედისონში" პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას კომპანიების წარმომადგენლების გარდა ასევე დაესწრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ეკონომიკის მინისტრმა კომპანია "ნიკორას" წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ფინანსირების დივერსიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

"როდესაც კორპორატიული ბონდების გამოშვება ხდება, ეს ნიშნავს, რომ კომპანიის ფინანსები გამჭვირვალეა. ეს არის საჯაროობისკენ გადადგმული ნაბიჯი, შესაბამისად, დღეს ჩვენ ქვეყანაში გვყავს კიდევ ერთი კარგი კომპანია, რომლის ფინანსები არის სრულად გახსნილი, არსებობს ნდობა. როდესაც განთავსება წარმატებით ხდება, ეს მეტყველებს, რომ გუნდმა იმუშავა კარგად, კომპანია არის ჯანსაღი, შესაძლებლობა აქვს ღია ბაზარზე ფული მოიზიდოს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალში საქართველოში არაერთი ასეთი კომპანია გვეყოლება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

"ნიკორას" გენერალური დირექტორის, ირაკლი ბოქოლიშვილის ინფორმაციით, "ნიკორა ტრეიდი" წლების განმავლობაში ვითარდებოდა. მისივე თქმით, დღეისთვის კომპანია საქართველოში საცალო გაყიდვების ყველაზე დიდ, ორგანიზებულ ქსელს წარმოადგენს.

"განვითარებას მოსდევს ახალ-ახალი ნაბიჯები. ერთ-ერთია კუპონური ობლიგაციების გამოშვება-განთავსება. ეს არის ორწლიანი ფასიანი ქაღალდები. ამან საშუალება მოგვცა მოზიდული ყოფილიყო გრძელვადიანი თანხები, არასაბანკო. ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი იმისაკენ, რომ საფონდო ბირჟაზე შემდეგ მსგავსი ქაღალდებით ვაჭრობა მოხდეს. მომავალში, ალბათ, 3-5 წლის შემდეგ საუბარია, რომ კომპანია IPO-ზე საზღვარგარეთ გავიდეს", - განაცხადა ირაკლი ბოქოლოშვილმა.

სააქციო საზოგადოება "გალტ & თაგარტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძემ კომპანია "ნიკორას" წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ობლიგაციების გამოშვება კომპანიის მიერ საჯაროობისკენ გადადგმული ნაბიჯია, ასევე კარგი ნაბიჯია, რათა შეიქმნას ისეთი პროდუქტები, რომელიც საპენსიო რეფორმის შემთხვევაში საქართველოს გამოადგება.

"კომპანიისთვის ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რადგან არის ფინანსირების დივერსიფიკაციის გზა. მარტივად რომ ვთქვათ, საბანკო სესხების მაგივრად, უკვე შესაძლებელია, რომ პირდაპირ ინვესტორებისგან მიიღონ თანხები ობლიგაციების მიყიდვის კუთხით და როცა ამ საჯაროობას შეეჩვევა კომპანია და მასშტაბში გაიზრდება, უკვე შესაძლებელია, რომ საკუთარი აქციების საჯარო შეთავაზება გააკეთოს", - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

ობლიგაციების ვადა ორი წელია, საპროცენტო სარგებელი წლიური 11% ნომინალური ღირებულებიდან. სარგებლის პროცენტის გადახდა წელიწადში ორჯერ განხორციელდება, განთავსების აგენტი "გალტ & თაგარტი" უზრუნველყოფს, რომ "ნიკორა ტრეიდის" ობლიგაციები უახლოეს მომავალში დაიშვას საქართველოს საფონდო ბირჟაზე.

"ნიკორა ტრეიდი" სააქციო საზოგადოება "ნიკორას" ჰოლდინგში შემავალი სუპერმარკეტების ქსელია, "გალტ & თაგარტი" კი "საქართველოს ბანკის" ჰოლდინგური კომპანიის 100%-ით მფლობელობაში არსებული შვილობილი კომპანიაა.