კომპანიებს წყალმომარაგების სისტემის განვითარების სამწლიანი გეგმის წარდგენა დაევალათ

წყალმომარაგების კომპანიებს 2016 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისა და განვითარების სამწლიანი გეგმის წარდგენა დაევალათ.

როგორც სემეკში აცხადებენ, "ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესებში" განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, წყალმომარაგების საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომხმარებელთა სასმელი წყლის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, წყალმომარაგების ლიცენზიატები ვალდებულნი არიან კომისიაში წარადგინონ სამწლიანი გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს სასმელი წყლით მუდმივად მომარაგებისათვის, ასევე, წყალარინებისას ჩამდინარე წყლის იზოლირების, გატარების, გაწმენდისა და წყალსატევებში ჩაშვებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვადებს.

მათივე ინფორმაციით, "ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების" მიხედვით, წყალმომარაგების მიმწოდებელი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლისათვის შესაბამისი ხარისხის სასმელი წყლის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მიწოდება და წყალარინება (მათ შორის, ჩამდინარე წყლის იზოლირება, გატარება, გაწმენდა და წყალსატევებში ჩაშვება) საქართველოში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების შესაბამისად, სათანადო მდგომარეობაში იქონიოს სასმელი წყლის წყალმომარაგებისა და წყალარინების საშუალებები, განახორციელოს მათი ექსპლუატაცია, ჩაატაროს სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და საჭიროებიდან გამომდინარე შეიძინოს და შექმნას წყალმომარაგების საქმიანობის სრული ციკლით განხორციელებისათვის საჭირო საშუალებები.