საქსტატი - 2015 წლის IV კვარტალში მშპ-ს რეალურმა ზრდამ 2,9% შეადგინა

2015 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8 785,3 მლნ ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2,9 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 5,2 პროცენტით.

მათივე ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (16,9%) და მრეწველობა (16,2%). შემდგომ პოზიციებს იკავებს სახელმწიფო მმართველობა (11,6%), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,2%), მშენებლობა (8,5%), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (7,9%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7,0%), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,5%).

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა (23,5 პროცენტი), მშენებლობა (12,2 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (8,9 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (8,8 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (8,5 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (8,4 პროცენტი), კავშირგაბმულობა (7,4 პროცენტი). კლება დაფიქსირდა დამამუშავებელ მრეწველობაში (-4,6 პროცენტი) და ვაჭრობაში (-1.8 პროცენტი).

საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, აუცილებელი ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური დაზუსტება წლიური მონაცემების გათვალისწინებით. წლიური მონაცემები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური მონაცემებისაგან. გასული წლის წლიური მონაცემების მიღებასთან ერთად, ხელახლა ითვლება მიმდინარე წლის კვარტალური მონაცემებიც. მაგალითად, 2015 წლის პირველი და მეორე კვარტალის მონაცემები თავდაპირველად გაანგარიშდა 2014 წლის წინასწარი მონაცემების საფუძველზე. 2015 წლის ნოემბერში, 2014 წლის წლიური მონაცემების დაზუსტებასთან და 2014 წლის კვარტალური მონაცემების ცვლილებასთან ერთად შეიცვალა 2015 წლის პირველი და მეორე კვარტალების მონაცემებიც. გარდა ამისა, 2016 წლის ნოემბერში 2015 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ საბოლოოდ დაზუსტდება 2015 წლის კვარტალური და წლიური მაჩვენებლები.