ზუგდიდში მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ზუგდიდი-თბილისისა და სხვა საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლებმა ზუგდიდში, სატრანსპორტო კომპანია "მეტრო +"-ის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს , რომელსაც ტრანსპორტის პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანზიაცია "გაერთიანებული საზოგადოებაც" შეუერთდა.

აქციის მონაწილეები "მეტრო +"-ის ფუნქციონირების არაკანონიერებაზე საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ კომპანიას ადგილობრივი მთავრობის მაღალჩინოსნები ლობირებენ.

"იმ დღეს, როცა "მეტრო +"-თან მძღოლების აქცია მიმდინარეობდა, ზუგდიდის მერია აპირებდა კომპანიის დაჯარიმებას უკანონო ბილბორდებისა და ავტოსადგურის უკანონოდ გახსნისთვის, თუმცა ზედამხედველობის სამსახურის უფროს ნუკრი ესართიას ვიღაცამ დაურეკა და გზიდან მიაბრუნა. კითხეთ, ვინ დაურეკა და ვინ ლობირებს ამ კომპანიას", - განაცხადა ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანიამ.

ალანიას ბრალდებებს ნუკრი ესართია გამოეხმაურა, რომელიც ლობირების თემას არასერიოზულს უწოდებს.

"ეს არის სრული სიცრუე, არავინ არავის არ ლობირებს. ჩვეულებრივ შემოვიდა კომპანია და სურს ფუნქციონირება, თუმცა ამ ეტაპზე მუშაობა შეწყვეტილი აქვთ ჩვენი მოთხოვნით, რადგან უნდა წარმოადგინონ ნებართვის შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც გზების დეპარტამენტი გასცემს", - აღნიშნა ესართიამ.