საქსტატი - მშპ-ს რეალური ზრდა წინა წელთან შედარებით 2,8 პროცენტით განისაზღვრა

2015 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 31 691,6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 8,7 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

როგორც  სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წელთან შედარებით 2,8 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 5,8 პროცენტით.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში უდიდესი წილი უკავია ვაჭრობის (16,6 პროცენტი) და მრეწველობის (16,5 პროცენტი) სექტორებს. შემდეგ პოზიციებს იკავებენ: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,7 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (9,3 პროცენტი), სოფლის მეურნეობა (9,2 პროცენტი), მშენებლობა (8,0 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომსახურების გაწევა (6,6 პროცენტი).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა (21,0 პროცენტი), მშენებლობა (15,2 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (9,4 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (7,4 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (7,1 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,9 პროცენტი). კლება აღინიშნა დამამუშავებელი მრეწველობის (4,9 პროცენტი) და ვაჭრობის (0,3 პროცენტი) სექტორებში.

როგორც საქსტატში აცხადებენ, მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, აუცილებელი ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური დაზუსტება წლიური მონაცემების გათვალისწინებით. წლიური მონაცემები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური მონაცემებისაგან. გასული წლის წლიური მონაცემების მიღებასთან ერთად, ხელახლა ითვლება მიმდინარე წლის კვარტალური მონაცემებიც. მაგალითად, 2015 წლის პირველი და მეორე კვარტალების მონაცემები თავდაპირველად გაანგარიშდა 2014 წლის წინასწარი მონაცემების საფუძველზე. 2015 წლის ნოემბერში, 2014 წლის წლიური მონაცემების დაზუსტებასთან და 2014 წლის კვარტალური მონაცემების ცვლილებასთან ერთად შეიცვალა 2015 წლის პირველი და მეორე კვარტალების მონაცემებიც. გარდა ამისა, 2016 წლის ნოემბერში 2015 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ საბოლოოდ დაზუსტდება 2015 წლის კვარტალური და წლიური მაჩვენებლები.