ზუგდიდში აქციის მონაწილე მძღოლებმა შიმშილობა დაიწყეს

ზუგდიდში მიმდინარე აქციის მონაწილე მძღოლებმა შიმშილობა გამოაცხადეს. აქციის მონაწილეებმა მერიის შენობის წინ კარავი მიიტანეს, თუმცა სამართალდამცველებმა მისი გაშლის უფლება არ მისცეს.

პოლიციამ აშალა რკინის კონსტრუქციებიც, რომლებითაც აქციის ტერიტორია იყო შემოსაზღვრული.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიცია პროტესტის თავისუფლად გამოხატვის უფლებას არ აძლევს.

მათივე თქმით, ზუგდიდის მერმა შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მოლაპარაკება შესთავაზა, რაზეც უარს ამბობენ.

ზუგდიდი-თბილისისა და სხვა საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები ზუგდიდში სატრანსპორტო კომპანია "მეტრო +"-ის წინააღმდეგ მორიგ საპროტესტო აქციას დღეს დილიდან მართავენ, რომელსაც ტრანსპორტის პროფკავშირები და არასამთავრობო ორგანზიაცია "გაერთიანებული საზოგადოებაც" შეუერთდა.

აქციის მონაწილეები "მეტრო +"-ის ფუნქციონირების არაკანონიერებაზე საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ კომპანიას ადგილობრივი მთავრობის მაღალჩინოსნები ლობირებენ.