გიორგი კვირიკაშვილი - შენგენის ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის შემოღებას უახლოეს მომავალში ველოდებით

უახლოეს მომავალში ველოდებით საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას , – სავიზო ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მხარეებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, შეხვედრაზე განიხილეს ასოცირების შეთანხმების, კერძოდ კი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის შესრულების მიმდინარეობა და ამ მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს.

"ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, მთავრობის ინიციატივებზე საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ეკონომიკური მოდერნიზაციის მიმართულებით. შეხვედრისას ევროკომისარს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ, რომ მზად ვართ გავაგრძელებთ აქტიური ძალისხმევა დემოკრატიული პრინციპების, სასამართლო დამოუკიდებლობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მაქსიმალურად დაცვის კუთხით, რაც აუცილებელია ჯანსაღი ეკონომიკური განვითარებისთვის,"- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლების მიზანია, ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებით მაქსიმალური სარგებელი მიიღოს საქართველოს მოსახლეობამ. მანვე იმ დადებით ტენდენციებზე ისაუბრა, რაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით გათვალისწინებული რეფორმების შედეგად ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში შეინიშნება - ევროკავშირის ბაზარზე გაზრდილი ექსპორტი, სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესკომპანიების დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით.

"დღეს ევროკავშირთან ასოცირების აქტიურ ფაზაში ვართ. ამ პროცესში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე ფინანსური თუ ტექნიკური დახმარების პროგრამებით. ჩვენი მხრივ, საქართველოს მთავრობა მზად არის უფრო მეტი ძალისხმევა მიმართოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის, რაც სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ ხელს შეუწყობს სტაბილურობის გაზრდას მთლიანად რეგიონში," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.