რა უნდა იცოდნენ ფინანსური პროდუქტების მომხმარებლებმა, როცა მათ "ამომღები კომპანია" უკავშირდება

საქართველოში უკვე იშვიათად მოიძებნება ადამიანი, ვისაც ბანკთან, მიკროსაფინანსო ან ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციასთან ურთიერთობა არ აქვს. შესაბამისად, მაღალია იმის რისკი, რომ ეს ურთიერთობები გაპრობლემდეს. ამ რისკის დადგომის ალბათობას, კიდევ უფრო რეალურს ხდის ქვეყანაში არსებული არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა და მძიმე სოციალური ფონი.

საკრედიტო ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ხშირად ირღვევა, მიზეზი კი ძირითადად ერთია, მომხმარებლის გადახდისუუნარობა, რა დროსაც საკრედიტო ორგანიზაცია ე. წ. ამომღებ კომპანიას მიმართავს, რის შემდეგაც იწყება საკმაოდ რთული და მომხმარებლისთვის ძალიან არასასურველი პროცესი, რადგან, გარდა კანონით განსაზღვრული გზებისა, ხშირ შემთხვევაში, პრობლემური აქტივების მართვის კომპანიები, თანხის ამოღების მიზნით, ყველა შესაძლო ხერხს მიმართავენ, მათ შორის შანტაჟს და მუქარას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ხშირად შევხვდებით ინტერნეტ სივრცეში რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მსესხებელი ასეთ დროს, შინაარსი ძირითადად ერთი და იგივეა, რომ ადვოკატს მივმართოთ, ან სასამართლოში პროცესის გადანაცვლების არ შეგვეშინდეს. რეალურად კი, თუ მსესხებლის სახელზე ლიკვიდური აქტივი არ არის გაფორმებული და შეუძლებელია რაიმე ქონების რეალიზება ამომღები ორგანიზაციის მიერ, საქმე მიდის იქამდე, რომ სასამართლო საუკეთესი შემთხვევაში ძირი თანხის გადახდის ვალდებულებას გვაკისრებს.

ნათქვამია "კეისარს თავისი უნდაო" და ბანკი თუ სხვა საკრედიტო ორგანიზაცია, ძირითად შემთხვევებში, გაცემული კრედიტის ძირ თანხას იბრუნებენ, რაშიც მათ ერთი მხრივ საკრედიტო ხელშეკრულება ეხმარებათ, რაც ცალსახად მათ სასარგებლოდ არის შედგენილი, ხოლო მეორე მხრივ სასამართლო, სადაც ითხოვენ იმას, რაც გასცეს. სხვა საკითხია, თუ რისი გაკეთება შეუძლია მომხმარებელს, რომ პროცესის სასამართლოში გადანაცვლებით, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს.

იმისთვის, რომ "ამომღებმა ორგანიზაციამ" ვერ შეძლოს პრობლემური მსესხებლისგან თანხის ამოღება, საჭიროა მსესხებლის სახელზე რაიმე მოძრავი ან უძრავი ნივთი არ ფიქსირდებოდეს. ამ მიზნით ხშირად ხდება, პირის მიერ, საკუთარ სახელზე არსებული ქონების გასხვისება, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თავიდან არიდების მიზნით, რასაც ბოლო პრაქტიკის მიხედვით სასამართლო მოჩვენებით გასხვისებად ან მოჩვენებით ჩუქებად მიიჩნევს, რის შემდგომაც უქმდება ეს ხელშეკრულება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე და "ამომღებ კომპანიას" კვლავ აქვს უფლება ქონების რეალიზების. იმისთვის, რომ მსგავს სიტუაციაში სასამართლო დავა მოიგოს პრობლემურმა მსესხებელმა და დაამტკიცოს, რომ მის მიერ ქონება რეალურად გასხვისდა და არა ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა შემდეგი ნიუანსების გათვალისწინება:

პირველ რიგში, ქონება უნდა გასხვისდეს მანამ, სანამ მსესხებელს ვალდებულება წარმოექმნება და არა იმ მომენტიდან, როცა სესხი უკვე გაპრობლემებურია, რომ სასამართლოს არ ქონდეს ლოგიკური ეჭვი იმისა, რომ ქონება გასხვისდა სწორედ კრედიტის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით;

თუ ქონების გაჩუქება ან სიმბოლურ ფასად მიყიდვა ხდება ახლო ნათესავზე, სასურველია მნიშვნელოვანიც, რომ სასამართლო პროცესამდე ამ ნათესავმა იზრუნოს ქონების გაუმჯობესებაზე, მის გარემონტებაზე ან ფართის მიმატებაზე, რაც იქნება რეალური მტკიცებულება იმისა, რომ ახალი მფლობელის მიერ აქტიურ სარგებლობაშია უძრავი ან მოძრავი ქონება და მისთვის ეს მნიშვნელოვანია, ხოლო მჩუქებელ პირს ამ ქონებასთან აღარ აქვს რაიმე მჭიდრო კავშირი;

კიდევ ერთი გზა არის ამ ქონების ხელახალი გასხვისება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით, სადაც მისი ახალი მფლობელი კეთილსინდისიერი შემძენი იქნება, თუმცა, თუ ეს პროცესი ემთხვევა დავალიანების წარმოქმნის პერიოდს, ამ შემთხვევაშიც ჩნდება სასამართლოს მიერ კითხვები, თუ რატომ მოხდა ქონების გასხვისება მაინცდამაინც ამ პერიოდში. პროცესი გაიწელება, თუმცა, ბევრი დამაჯერებელი მტკიცებულების წარდგენა მოგიწევთ სასამართლოსთვის, თუნდაც ის, რომ სადავო ქონებას მისი რეალური მფლობელი რეალურად განკარგავს.

საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია მომხმარებელმა, ამ შემთხვევაში იმ პირმა, ვის სახელზეც არის ქონება და სასამართლომ ყადაღა დაადო მისი ყოფილი მფლობელის ფინანსური ვალდებულების გამო, იცოდეს, რომ სასამართლო პროცესზე მოსამართლის შინაგან რწმენას დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამიტომ, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ქონების რეალურ მფლობელობასთან დაკავშირებით, იყოს ლოგიკურ ბმაში და ასევე გულწრფელად და დამაჯერებლად გადმოცემული. სხვა შემთხვევაში, როგორც პრაქტიკა მოწმობს, სასამართლო ჩუქების ხელშეკრულებას ბათილად სცნობს და "ამომღებ კომპანიასაც" ქონების რეალიზების უფლება წარმოეშვება.

ალექსანდრე ბეგლარიშვილი

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"