"ბანკებში ვალუტის გაცვლის საშინელი კურსია"

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის ცნობით, კომერციულ ბანკებში დღეს ვალუტის გაცვლის საკმაოდ მაღალი კურსია.

ამის თაობაზე რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ მის პოსტს.

"ყოჩაღ სავალუტო პუნქტებო! ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა ბანკებს კონკურენციაში მოუგეს.

ბანკებში ვალუტის გაცვლის საშინელი კურსია. ძალიან დიდია სხვაობა ყიდვასა და გაყიდვას შორის, თანაც თვით ეს ორი სიდიდე საკმაოდ არის დაცილებული როგორც ეროვნული ბანკის, ასევე სავალუტო პუნქტების მაჩვენებელს. ამიტომ კლიენტებს გამოაქვთ ბანკებიდან თავიანთი დანაზოგები და ქუჩაში ახდენენ კონვერტირებას. ამით ბანკები მეანაბრეებს კარგავენ, ადამიანებს კი წვალება უწევთ.

როგორც იქნა, ერთ-ერთმა ბანკმა შემოიღო 10 ათას ლარამდე თანხის კონვერტირება ექტრონული ფორმით, ”ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან მიახლოებული კურსით”. ძალიანაც კარგი. თუმცა რად უნდათ ეს ”მიახლოება”. ამით ნდობას უკარგავენ ამ წამოწყებას. ისეთივე რომ იყოს, მოგებას ვერ მიიღებენ თუ რა?

ერთით ნული ჯიხურების სასარგებლოდ.

სხვათა შორის, ამ ორი თვის წინათ, როცა აზერბაიჯანში მათი ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, სავალუტო პუნქტები დახურეს. არა და პირიქით, ხელი უნდა შეეწყოთ მათთვის. ასე მოიქცა საქართველოს ეროვნული ბანკი და მთავრობა 1998 წლის ლარის გაუფასურების დროს.

ჩვენ წინ წავედით, მეზობლები კი დაწყებით კლასში ჩარჩნენ", - წერს რომან გოცირიძე.