მოგების გადასახადის რეფორმა 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება

მოგების გადასახადის რეფორმა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება, ხოლო საფინანსო სექტორზე 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გავრცელდება.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბიზნესასოციაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიზნესთან კონსულტაციით მიღებულ იქნა საგადასახადო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტის საბოლოო ვერსია, რომელიც პარლამენტში გადაიგზავნება. ფინანსთა მინისტრმა სთხოვა საკანონმდებლო ორგანოს, რომ კანონპროექტის განხილვა მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოხდეს, რათა კანონი აპრილში იქნას მიღებული.

ნოდარ ხადურის თქმით, კანონპროექტით დაგეგმილი ცვლილებები სამ ეტაპად ამოქმედდება. პირველ ეტაპზე ეს შეეხება დამატებული ღირებულების გადასახადს ანუ ძირითადი საშუალებების იმპორტის დროს დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდა საჭირო აღარ იქნება და ამავე დროს, ეს არის ადმინისტრირების გარკვეული გამარტივება. აღნიშნული ცვლილება, ფინანსთა მინისტრის თქმით, კანონპროექტის მიღებისთანავე ამოქმედდება. ხადურის განმარტებით, მეორე ეტაპი იქნება მოგების გადასახადის ჩანაცვლება განაწილებული მოგების გადასახადით, რომელიც 2017 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდება. რაც შეეხება მესამე ეტაპს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, საფინანსო სექტორზე კანონპროექტის გავრცელება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მოხდება, ანუ 2 წლის განმავლობაში საფინანსო სექტორი დაბეგვრის ძველ რეჟიმში დარჩება.