"მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია 2016-2020"-ის პრეზენტაცია გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზებით, "მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია 2016-2020"-ის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

"ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული. არის გარკვეული ქმედებები კიდევ განსახორციელებელი, რასაც დაეხმარება ეს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ჩვენ გვაქვს ხუთი პუნქტი, რომლის მიმართულებითაც იქნება მუშაობა მომდევნო ორი წლის განმავლობაში და იმის შემდგომაც. ეს გახლავთ ინსტიტუციური და ბიზნეს გარემოს გაუჯობესება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ინოვაციებსა და კვლევების ხელშეწყობა, ასევე სამეწარმეო უნარების განვითარება და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებაში ჩართულია როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ასევე სხვა უწყებები, რადგან მუშაობა მიმდინარეობს ყველა მიმართულებით, მათ შორის იმ მიმართულებით, რომ სამეწარემო უნარები იყოს გაუმჯობესებული და ასევე მოხდეს მათი ინტერნაციონალიზაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ მათ შეეძლოთ თავიანთი მომსახურეობის და საქონლის გატანა ევროკავშირის ბაზარზე", - აღნიშნა ქავთარაძემ.

მისივე თქმით, პროგრამის, "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 372 მლნ ლარის ინვესტიცია იქნება მოზიდული ბენეფიციარების მიერ, 7000-ზე მეტი სამუშაო ადგილი იქნება შექმნილი და ასეთი ნაბიჯების გადადგმით საქართველო მიაღწევს მეტ წარმატებას.

"ევროკავშირის ქვეყნებში მცირე მეწარმეობას ძალიან დიდი ნაწილი უჭირავს, იქ არის დასაქმებული მოსახლეობის 90% და ქმნიან დამატებითი ღირებულების 40%-ს. საქართველოში ჯერჯერობით მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის დამატებითი ღირებულების 18%-ს, იმედი გვაქვს ეს ციფრი გაუმჯობესდება. შექმნილია მეწარმეობის ხელშეწყობისა და ინოვაციების სააგენტოები, ძალიან მოხარული ვართ, როცა ვხედავთ ამ სააგენტოების და სხვა სტრუქტურების წარმატებულ მუშაობას", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო-საფინანსო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს-სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.