თანამშრომლები "თბილისის მეტროპოლიტენს" ორკვირიან ვადას აძლევენ

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები, კომპანია "თბილისის მეტროპოლიტენს" ორკვირიან ვადას აძლევენ. როგორც მეტროს თანამშრომლებმა დიდუბის მეტროსადგურთან გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადეს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თბილისის მერიისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მედიატორის მონაწილეობით.

მათი თქმით, თუ ამ მოლაპარაკებების ფარგლებში თბილისის მეტროპოლიტენი არ დათანხმდება ამ მოთხოვნებს, ორი კვირის შემდეგ გაფიცვას დაიწყებენ.

"ჩვენ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომელმაც ჩართო მედიატორი მიმდინარე პროცესში, ასევე ამ პროცესში ჩაერთო თბილისის მერიაც. მათი მონაწილეობით მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩვენ ვაძლევთ ორკვირიან ვადას თბილისის მეტროპოლიტენს, თუ არ დათანხმდება ჩვენ მოთხოვნებს, ორი კვირის შემდეგ გაფიცვას დავიწყებთ", - განაცხადეს თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა.

მათ სამი მოთხოვნა აქვთ: ხელფასების მატება, ღამის სამუშაო საათების ანაზღაურება და ნამსახურები წლების მიხედვით დანამატების გაცემა.

როგორც მეტროპოლიტენის თანამშრომლები აცხადებენ, ძალიან დიდი პერიოდია, რაც ხელფასები არ გაზრდიათ და ბოლო პერიოდში არსებული ეკონომიკური პრობლემების გამო, რამაც გამოიწვია პროდუქტებზე ფასის მატება, მათი ხელფასი მინიმალური გახდა.