ვეტერანების სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრს ესპანური კომპანია ააშენებს

ესპანური კომპანია საქართველოში ვეტერანების სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას გეგმავს, - როგორც ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, პროექტში კომპანია 25 მილიონ ევროს ჩადებს.

"გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდათ სურვილი წარმოეჩინათ ისე, თითქოს სახელმწიფო არ ზრუნავს ვეტერანებზე, მათ ჯანდაცვაზე, არ ზრუნავს იმაზე, რომ ვეტერანებს ჰქონდეთ სპეციალიზირებული ჰოსპიტალი. მინდა მოგახსენოთ, რომ მე გახლდით ესპანეთის სამეფოში. ესპანურ კომპანიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ორ თვეზე მეტია. შევჯერდით იმაზე, რომ ესპანური მხარე საქართველოში ვეტერანების სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას გეგმავს", - განაცხადა შიხიაშვილმა.

მისივე თქმით, 5 აპრილიდან დაიწყება მუშაობა მემორანდუმის გაფორმებაზე.

"ეს ცენტრი იქნება რეგიონული მასშტაბის და მის განხორციელებაში 25 მილიონი ევრო დაიხარჯება. პროცესი დაიწყება 29 მარტამდე. მინდა ვუთხრა თითოეულ ვეტერანს, რომ ჩვენ გვექნება ყველაზე კარგი სამკურნალო-სარებილიტაციო ცენტრი რეგიონში. ის ყბადაღებული თემა, თითქოს ვეტერანები არავის არ აწუხებს და მათზე არავინ ზრუნავს, დასრულდება. ჩემთვის ყველა ვეტერანი ძვირფასია, თითოეულ მათგანზე თანაბრად გავრცელდება ყველა ის სიკეთე, რასაც სახელმწიფო შესთავაზებს მათ. თუ ვინმეს აინტერესებს, როგორ ვზრუნავთ ვეტერანებზე, მობრძანდეს ჩვენთან, ჩვენი კარი ყოველთვის ღიააა", - განაცხადა შიხიაშვილმა.