ნოდარ ხადურის თქმით, ბიუჯეტის კორექტირება წელს საჭირო აღარ იქნება

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის კორექტირება წელს საჭირო აღარ იქნება. როგორც დღეს ცნობილი გახდა, მოგების გადასახადის რეფორმის ამოქმედება 2017 წლის 1 იანვრიდან იგეგმება.

რაც შეეხება მოგების გადასახადის რეფორმიდან გამომდინარე ბიუჯეტის კორექტირებას, ხადურის თქმით, ეს წელს საჭირო არ იქნება. მისივე თქმით, ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება ადმინისტრაციულ ხარჯებს შეეხებოდა.

,,დაახლოებით, 350-400 მილიონი ლარის შეკვეცაზე იყო საუბარი, თუმცა თქვენ იცით, რომ ბიზნესისგან იყო თხოვნა და რეკომენდაცია, რომ კანონპროექტი ახალი ფისკალური წლიდან ამოქმედდეს, რათა პრობლემები არ შექმნოდა ბიზნესს და აღრიცხვიანობა მოსწესრიგებულიყო. მეტი დრო გვქონოდა ბიზნესს და შემოსავლების სამსახურს, რათა ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმისთვის კარგად მოვმზადებულიყავით", - განაცხადა ხადურმა.