აფბა - ენერგეტიკის სექტორი უცხოელი ინვესტორებისთვის კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ დარგად რჩება

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი მონაცემებს ეხმაურება.

როგორც აფბა-ში აცხადებენ, 2015 წელს, დარგში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 90 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 100 მილიონით (≈53%) ნაკლებია 2014 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით.

"აფბას" ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის განცხადებით, სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიუხედავად, ენერგეტიკის სექტორი ინვესტორებისთვის კლავ მიმზიდველად რჩება, ამასთან ის აღნიშნავს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დათვლის მეთოდოლოგია, სპეციფიკურია და წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანა არასწორია.

"უნდა ითქვას, რომ ენერგეტიკის სექტორი უცხოელი ინვესტორებისთვის კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ დარგად რჩება. დღეის მდგომარეობით, 20-მდე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო 120-მდე პროექტი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზეა.

ანალიზისას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულია წინასწარი მონაცემები და შესაბამისად, დასკვნების გამოტანისას, ცალსახად მასზე დაყრდნობა ბოლომდე რელევანტური ვერ იქნება. როგორც წესი, წინასწარსა და დაზუსტებულ მონაცემებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია ხოლმე. ქვემოთ მოცემულ შკალაზე, მოყვანილია წლების მიხედვით წინასწარი და დაზუსტებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები ენერგეტიკის სექტორში.

ხაზგასასმელია, რომ 2011 წლიდან მოყოლებული (მხოლოდ 2011 წლიდან იძებნება ინვესტიციების სექტორული დაწვრილებითი მონაცემები), დაზუსტებულ მონაცემებში წინასწარ მაჩვენებლებზე მეტი ინვესტიციაა დაფიქსირებული და ეს ტენდენცია ყველა წელს ანალოგიურია. სავარაუდოა, რომ 2015 წლის დაზუსტებული მონაცემებიც გაიზრდება, რამდენადაც, 2015 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყო მიმდინარე პროექტებში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის, ნენსკრაჰესის მშენებლობა. ამ პროექტის საინვესტიციო მოცულობა ერთი მილიარდი დოლარია. გარდა ამისა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის დათვლის მეთოდოლოგიის თანახმად, წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება ხორციელდება ყოველკვარტალურად საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 70-ე დღეს და არსებული წინასწარი ყოველკვრტალური მონაცემებით დგება წლის წინასწარი მონაცემი, ხოლო დაზუსტებულ მონაცემებს კი, სტატისტიკის სამსახური საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 15 აგვისტოს აქვეყნებს.

ცდომილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ კომპანიები სტატისტიკის სამსახურს დაზუსტებულ მოგება-ზარალის მაჩვენებლებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ წარუდგენენ, რაც ბუნებრივია, წინასწარ და დაზუსტებულ მონაცემებს შორის ცდომილებისთვის დიდ არეალს ტოვებს. ცდომილების ეს მიზეზი უნდა განვიხილოთ კიდეც სტატისტიკის დათვლის მეთოდოლოგიის ერთ-ერთი მთავარ ნაკლოვანებად", - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

ანალიტიკოსი, ასევე არ ეთანხმება იმ ექსპერტების შეფასებებს, რომლებიც ინვესტიციების კლების მიზეზად, სექტორში არსებულ სატაროფო პოლიტიკას და ამ დრომდე ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების შეფერხებას ასახელებენ.

"აღსანიშნავია, რომ ექსპერტების ნაწილი, წინასწარ მონაცემებში ინვესტიციების კლებას, არსებულ სატარიფო პოლიტიკას უკავშირებს. მათი განცხადებით, მოცემული ტარიფები რეალურ საბაზრო ვითარებას არ ასახავს და ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რეალურად უნდა ღირდეს. მათი თქმით, სწორედ ეს არის მთავარი საკითხი, რის გამოც ინვესტორები თავს იკავებენ საქართველოში ინვესტირებისგან. უნდა ითქვას, რომ ზემოთ ხსენებული არგუმენტი, რეალობას მოკლებულია და ვერ იქნება ინვესტიციების კლების მიზეზი, რადგან არსებული კანონმდებლობის თანახმად, ინვესტორებს საკმაოდ მყარი გარანტიები ეძლევათ სახელმწიფოს მხრიდან. როგორც ვიცით, ენერგეტიკის სამინისტრო მემორანდუმების პრაქტიკით ხელმძღვანელობს, რაც გულისხმობს გარანტირებული ტარიფის მიხედვით ელექტროენერგიის შესყიდვას. ამასთან ხაზგასასმელია, რომ მსგავს პრაქტიკაზე მყარი და სასურველი გარემო ინვესტორებისთვის ძნელი წარმოსადგენია.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ექსპერტების მეორე ნაწილის მიერ შემოთავაზებული ინვესტიციების კლების ტენდენციის მიზეზებიც მიუღებელია. ისინი კლების მთავარი მიზეზად ასახელებენ იმ გარემოებას, რომ საქართველო დღემდე არ არის ენერგოგაერთიანების წევრი ქვეყანა. მათი თქმით, სწორედ ეს გარემოება ქმნის ინვესტორებისთვის არაგამჭვირვალე გარემოს და ამ მიზეზის გამო, ისინი თავს იკავებენ საქართველოში კაპიტალის დაბანდებისგან. ჩვენი აზრით, ეს არგუმენტიც მიუღებელია და ამის პასუხადაც გამოდგება ზემოთ ნახსენები მემორანდუმების პრაქტიკა, როცა გარკვევით ხდება, როგორც ინვესტორის, ისე სახელმწიფოს ვალდებულებების გაწერა. ამასთან, ასეთი არგუმენტის სისუსტეზე მიუთითებს ისიც, რომ ენერგოგაერთიანების წევრი ქვეყანა არც მაშინ ყოფილა საქართველო, როცა ენერგეტიკის სექტორში საკმაოდ მოცულობითი ინვესტიციები შემოდიოდა", - აღნიშნა გვიდიანმა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი ინვესტიციების მაჩვენებლების შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან არგუმენტად "აფბას" ანალიტიკოსი ბოლო დროს ეროვნული ვალუტის დევალვაციის საკითხს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ვალუტის კურსის ცვლილება ინვესტიციების მაჩვენებლებზეც აისახა.

"გარდა ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებებისა, უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტიციების კლების ტენდენციაში გარკვეულწილად ეროვნული ვალუტის დევალვაციამაც შეიტანა წვლილი. თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ 2014 წელს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში საშუალოდ 1.75 იყო, ხოლო 2015 წელს 2.35 (იხ. 2014-2015 წლების ლარის კურსის ცვლილების ტრენდი) სახეზე გვაქვს 33%-იანი გაუფასურება. კერძოდ, ინვესტორი 2014 წელს 100 დოლარით ანაზღაურებდა 175 ლარის მომსახურების საფასურს, ხოლო 2015 წელს იმავე მომსახურების საფასურის ანაზღაურებას დაახლოებით 75 დოლარი სჭირდებოდა. შესაბამისად, შემოსული ინვესტიციების მაჩვენებლებმა ერთი მეოთხედით ნაკლები შეადგინა, თუმცა ამ თანხით ინვესტორები იგივე მომსახურებას ან/და საქონელს ყიდულობდნენ", - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.