ჯორჯ ველტონი - მოგების გადასახადის რეფორმა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას ხელს შეუწყობს

ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელი დირექტორი ჯორჯ ველტონი მიიჩნევს, რომ მოგების გადასახადის რეფორმა წაახალისებს ქვეყანაში რეინვესტირებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას ხელს შეუწყობს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის ფარგლებში მოხდება გადასახადების ადმინისტრირების გამარტივებაც.

"ამ ინიციატივით, მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ და განვუმტკიცებთ იმის რწმენას, რომ საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტორებისათვის. ვთვლით, რომ სწორედ ეს ინიციატივა შეუწყობს ხელს ქვეყანაში შემოვიდეს მეტი უცხოური ინვესტიცია", - განაცხადა ჯორჯ ველტონმა.

ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელმა ფინანსთა სამინისტროს ბიზნესასოციაციებთან ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, სამინისტროს ურთიერთობა ბიზნესსექტორთან სამაგალითო იყო.

"ასევე დიდ მადლობას ვუხდი მთავრობას, რომელიც გამოეხმაურა ჩვენს წინადადებებს რეფორმის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით. ჩვენი თხოვნის საფუძველზე ამ ვადამ გადაიწია 2017 წლის 1 იანვარს. ეს არის ნიმუში იმისა, რომ ხელისუფლება ითვალისწინებს გადამხდელთა მოსაზრებებს. ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალური იყო ის ფაქტი, რომ ბიზნესს ჰქონოდა საკმარისი დრო დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის, ახალი ინიციატივისთვის სწორად და ადეკვატურად მომზადებისთვის", - აღნიშნა ჯორჯ ველტონმა.