ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან ნედლი ნავთობის ქურდობისთვის ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან დიდი ოდენობით ნედლი ნავთობის ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ლაშხირიძე და იაგო კახაბრიშვილი, სისტემატიურად, ფარულად ეუფლებოდნენ მაგისტრალურ მილსადენში გამავალ ნედლ ნავთობს. ბრალდებულებმა, ქარელის რაიონ სოფელ რუისში, სპეციალური ტენქიკური მოწყობილობებით, მიწის ქვეშ გაიყვანეს 1 კილომეტრი სიგრძის კუსტარული მილსადენი, შემდგომში დააზიანეს "ბრიტიშ-პეტროლიუმის" საკუთრებაში არსებული ბაქო-სუფსის მაგისტრალი, დაზიანებულ ადგილზე დაამონტაჟეს სპეციალური ონკანი და სისტემატურად ახორციელებდნენ ცენტრალური მილსადენიდან ნედლი ნავთობის გადადინებას მათ საკუთრებაში არსებულ რეზერვუარებში.

მოპარული ნავთობის ტრანსპორტირებისას კი ავტომანქანაში არსებულ რეზერვუარებს შენიღბვის მიზნით ბოსტნეულით ფარავდნენ. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულები მოპარული ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას და დასაწყობებას ახდენდნენ ქალაქ თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ძველი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულ რეზერვუარებში, სადაც შემდგომში მის გადამუშავებას და სარეალიზაციოდ გამზადებას ახდენდნენ.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების ექვსიდან ათ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.