საქართველოს ყატარელი ტუროპერატორები და ჟურნალისტები ესტუმრნენ

ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ყატარიდან ინფო ტური გაიმართა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, ახალი ბაზრების ასათვისებლად სპარსეთის ყურის რეგიონიდან პრეს და ინფო ტურები გრძელდება. ადმინისტრაციის მოწვევით ყატარიდან საქართველოს 13 წამყვანი ტუროპერატორი, ორი ჟურნალისტი (Gulf Times და Al Raya) და ავიაკომპანია Fly Dubai-ს ორი წარმომადგენელი ესტუმრა.

ტურის მონაწილეებმა თბილისის ისტორიული უბნები დაათვალიერეს, გუდაურსა და ყაზბეგში იმყოფებოდნენ. ძველ თბილისში ტურის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ უმასპინძლა. ტურისტული კომპანიებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს ისტორიულ-კულტურულ პოტენციალს გაეცნენ, სასტუმროები დაათვალიერეს, პარტნიორობის დამყარების მიზნით კერძო სექტორი წარმომადგენლებს შეხვდნენ. მოწვეული ტუროპერატორებისთვის ავიაბილეთები ავიაკომპანია Fly Dubai-მ უზრუნველყო.

ყატარელმა ჟურნალისტებმა ადგილობრივი ბეჭდური და ელექტრონული მედიისთვის უკვე მოამზადეს საქართველოს შესახებ რამდენიმე სტატია, როგორც ინგლისურ, ასევე არაბულ ენაზე.