სადისტრიბუციო კომპანიები მაღაზიებიდან თანხებს ვერ იღებენ - სავაჭრო ქსელებს მილიონობით დავალიანება დაუგროვდათ

სადისტრიბუციო კომპანიებს თანხების ამოღებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. სავაჭრო ქსელებს მათ მიმართ მილიონობით დავალიანება დაუგროვდათ. კომპანია „გრანდი“ ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომლის მიმართ „პოპულსა“ და „მარშეს“ დაახლოებით 150 ათასი ლარის დავალიანება აქვს. კომპანია ამ დრომდე ვერ ახერხებს თანხების ამოღებას სხვადასხვა მცირე მაღაზიებიდანაც. „გრანდის“ დამფუძნებელი ივა ჭყონია ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით სასამართლო წარმოება ჭიანურდება.

„პოპულსა“ და „იოლს“, რომელთა გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაც ამჟამად მიმდინარეობს, მიმწოდებლების მიმართ 13 მილიონის დავალიანება ჰქონდა დაგროვილი. „ფუდმარტის“ მიერ ქსელების ყიდვის შემდეგ კრედიტორების დავალიანების ნაწილი დაიფარა, თუმცა როდის მოხდება დარჩენილი თანხების გადახდა, ჯერჯერობით უცნობია.

იურისტები, რომლებიც სხვადასხვა დროს სადისტრიბუციო კომპანიების უფლებებს იცავდნენ, არსებული პრობლემის მოგვარების გზად საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებას მიიჩნევენ. ადვოკატი ზურაბ ვანიშვილი აცხადებს, რომ სავაჭრო ქსელების გარკვეული რეგულაციების ქვეშ მოქცევა აუცილებელია.

გამოუძიებელი საქმეების ფონზე სადისტრიბუციო კომპანიები არ გამორიცხავენ, რომ თანხების ამოღებასთან დაკავშირებით პრობლემები სხვა სავაჭრო ქსელებთანაც შეექმნათ. კომპანიები იმ მკაცრ პირობებზეც საუბრობენ, რასაც მსხვილი ქსელები მიმწოდებლებს უყენებენ.

სადისტრიბუციო კომპანიებმა დავალიანებებთან დაკავშირებული პრობლემა პრემიერ-მინისტრს მცირე და საშუალო ბიზნესთან გამართულ შეხვედრაზე გააცნეს. კომპანიები მთავრობისგან საკითხის გადასაჭრელად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე