ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან მძღოლებმა აქცია გამართეს

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ზუგდიდში კომპანია "მეტრო +"-ის საქალაქთაშორისო ავტობუსების შემოსვლას აპროტესტებენ.

მძღოლების განმარტებით, თურქული კომპანია "მეტრო +" ცდილობს საქალაქთაშორისო ავტობუსების შემოყვანით მონოპოლიის მოპოვებას, რომლის შედეგად მიკროავტობუსების მძღოლები ზუგდიდში უმუშევრები რჩებიან.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, უვადო შიმშილობას დაიწყებენ.

აქციის მონაწილეები შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებთან ითხოვენ.

ქუთაისში, პარლამენტთან მიკროავტობუსების მძღოლების აქციას, სხვადასხვა ქალაქების საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების მძღოლებიც შეუერთდნენ. მათი თქმით, "მეტრო +" საფრთხეს არა მარტო ზუგდიდს, არამედ მთლიანდ საქართველოში დასაქმებულ კერძო მიკროავტობუსების მძღოლებსაც უქმნის, რადგან კომპანიის შემოსვლით ასობით ადამიანი უმუშევარი დარჩება.

ზუგდიდში კომპანია "მეტრო +"-ის წინააღმდეგ მიკროავტობუსების მძღოლები უკვე რამდენიმე დღეა აქციას მართავენ.