ე.წ. „ესტონური მოდელის“ გადავადებამ ბიზნესმენთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია

ბიზნესის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი მოგების გადასახადის გაუქმების ვადის გადაწევის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

მათი თქმით, ვადის გადაწევამ უკვე დაგეგმილ პროექტებს პრობლემები შეუქმნა.

როგორც კომპანია ,,გრანდის” დამფუძნებელმა ივა ჭყონიამ რადიო ,,პალიტრის” გადაცემა ,,საქმეში” განაცხადა, ზოგიერთი ბიზნეს ასოციაციის ინიციატივაზე დაყრდნობით, საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება წარმოუდგენელია.

,,არაერთი პროექტი მაქვს მომზადებული, რომელიც გათვლილი მქონდა სწორედ იმ თანხებზე, რომელსაც სახელმწიფოს ვუხდიდი. ეს კაპიტალი უნდა დარჩენილიყო ბიზნესში და გამომეყენებინა საბრუნავ საშუალებად. მოლაპარაკებები მქონდა დაწყებული ერთ-ერთ ევროპულ ბრენდთან, საკმაოდ სერიოზულ კომპანიასთან. მათი ახალი პროდუქტი უნდა შემომეტანა, რითაც ბიუჯეტში დამატებით ასობით ათასი ლარი შევიდოდა და ათეულობით ადამიანი დასაქმდებოდა. დღეს კი ზოგიერთი ასოციაციისა და ბიზნესის წარმომადგენლის ინიციატივით, ამ თანხით ისევ მოგების გადასახადის გადახდა მომიწევს. ვადის გადაწევა ჩემში და ნებისმიერ ნორმალურად მოაზროვნე ბიზნესმენში ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს”, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.

კომპანია ,,გრანდის” დამფუძნებლის განცხადებით, პრემიერის ინიციატივა საუბრის დონეზე არ უნდა დარჩეს და მოგების გადასახადი დროულად უნდა მოიხსნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესის მიერ უკვე დაგეგმილი უამრავი პროექტის განხორციელება შეჩერდება.

მოგების გადასახადის რეფორმა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება, ხოლო საფინანსო სექტორზე 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გავრცელდება.

როგორც ნოდარ ხადურმა ბიზნესასოციაციის წევრებთან გუშინდელ შეხვედრაზე განაცხადა, ბიზნესთან კონსულტაციით მიღებულ იქნა საგადასახადო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტის საბოლოო ვერსია.