ტერაქტების შედეგად ბელგიის ეკონომიკა 4 მილიარდი ევროთი დაზარალდა

გუშინდელი ტერაქტების შედეგად ბელგიის ეკონომიკამ 4 მილიარდი ევრო დაკარგა.

ამის შესახებ ჰოლანდიური საბანკო ჯგუფის ING-ის ეკონომისტმა პიტერ ვანდენ ჰუტმა განაცხადა.

მისი თქმით, ზარალის მნიშვნელოვანი წილი მოდის დახურულ კაფეებზე, რესტორნებსა და მაღაზიებზე, რომელთა უმრავლესობა ამ დრომდე დახურულია.

„გარდა ამისა, ზარალის დიდი ნაწილი მოდის უსაფრთხოების გაძლიერების დანახარჯებზე. რაც შეეხება აეროპორტის დახურვას, ფრენების შეჩერება ბელგიის ეკონომიკას დღეში 10 მილიონი ევრო დაუჯდება და ამ თანხაში არ ვგულისხმობ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეჩერებას“, - განაცხადა ჰოლანდიელმა ექსპერტმა.

ბრიუსელში გუშინ მომხდარი ტერორისტული აფეთქებების შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა, 250-მდე კი დაშავდა.